ახალი ამბები

რუსებმა ჩერნობილის სადგურიდან 1000-ზე მეტი კომპიუტერი მოიპარეს – BBC

4 ივნისი, 2022 •
რუსებმა ჩერნობილის სადგურიდან 1000-ზე მეტი კომპიუტერი მოიპარეს – BBC

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსული არმიის ჯარისკაცებმა ჩერნობილის ბირთვული სადგურის ტერიტორიიდან 1000-ზე მეტი კომპიუტერი, სატვირთო მანქანები და რადიაციის საზომი ხელსაწყოები მოიპარეს.

ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს.

ბირთვული სადგური ამჟამად კონსერვაციის ეტაპზეა და იგი ენერგიის გამომუშავებისთვის არ გამოიყენება.

სადგურის წარმომადგენლის, ვიტალი მედვედის განცხადებით, უშუალოდ ბირთვული აღჭურვილობა არ დაზიანებულა და რადიაციის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

მედვედმა BBC-ის განუცხადა, რომ რუსებმა რისი წაღებაც ვერ შეძლეს, უბრალოდ დაამტვრიეს და გაანადგურეს.

უკრაინა მიყენებულ ზიანს კვლავ ითვლის, თუმცა ამჟამინდელი მონაცემებით იგი დაახლოებით 54 მილიონი ევროს აჭარბებს.

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის ბირთვული სადგური და მიმდებარე ტერიტორია უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში დაიკავეს, მარტის ბოლოს კი დატოვეს.

ჩერნობილისა და პრიპიატის მიმდებარე ტერიტორია მომატებული რადიაციული ფონის გამო, ე.წ. „აკრძალულ ზონადაა“ გამოცხადებული, თუმცა კიევზე თავდასხმის მიზნით, რუსული ჯარები ამ ტერიტორიის გავლითაც შეიჭრნენ უკრაინაში.

რუსული არმიის სადგურზე შესვლის შემდეგ, გაჩნდა რადიაციის გაჟონვის საფრთხე, თუმცა ჩატარებული კვლევებით, რადიაცია დასაშვები ნორმის ფარგლებშია და მატება არ შეინიშნება.

ჩერნობილის ბირთვულ სადგურზე კატასტროფა 1986 წელს მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი