ვინ და როგორ ავრცელებს კრემლის დეზინფორმაციას უკრაინის წინააღმდეგ — კვლევა

„სანქციები არ მუშაობს ან რუსეთზე მეტად დასავლეთს აზარალებს, უკრაინელები ნაცისტების და სტეპან ბანდერას მიმდევრები არიან, ზელენსკი ნარკომანია, დასავლეთი ომს აღვივებს, უკრაინის ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას ფარად იყენებს, უკრაინასა და საქართველოში დასავლეთის გასაიდუმლოებული ბიოლაბორატორიები მოქმედებს“ — ეს მცირე ჩამონათვალია ყალბი და მანიპულაციური ნარატივებისა, რომელიც უკრაინის ომთან დაკავშირებით ქართულ, რუსულ, უკრაინულ და ბელარუსულ წყარეობში ვრცელდება.

„მითების დეტექტორი“ რუსულ, ბელარუსულ, უკრაინულ და ქართულ სოციალურ მედიას „ფეისბუქის“ მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში 24 თებერვლიდან 24 აპრილის აკვირდებოდა და გამოაქვეყნა ანგარიში „რუსეთის ინფორმაციული ომი – 2 თვე უკრაინაში ინტერვენციიდან“, რომლის პირველ ნაწილში განხილულია გავრცელებული დეზინფორმაციის და მანიპულაციური შინაარსის რაოდენობა, თემატიკა და ტიპოლოგია, მეორე ნაწილი კი რუსეთის საინფორმაციო ოპერაციების კომუნიკაციის არხებს და მათი მოქმედების ტაქტიკას შეეხება.

ანგარიშის თანახმად, 160 ყალბი და მანიპულაციური შინაარსიდან, რომელიც ძირითადად რუსულ და ქართულ წყაროებში ვრცელდებოდა, ყველაზე დიდი წილი (49,4%) უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული, 28,1% — დასავლეთის წინააღმდეგ, ხოლო 16,3% — რუსეთის ქმედებების გამართლებისკენ.

დეზინფორმაციული/მანიპულაციური გზავნილების ტიპოლოგია სამიზნეების მიხედვით. წყარო: MDF

მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული კამპანია ომის საწყისს ეტაპზე მარიუპოლელ ბლოგერ მარიანა პოდგურსკაიას უკავშირდებოდა, რომელსაც ყალბ ფეხმძიმობაში დებდნენ ბრალს. „მითების დეტექტორმა“ ამ თემაზე ფეისბუქზე სხვადასხვა ანგარიშის მიერ კოორდინირებულად გავრცელებული 61 პოსტი გამოავლინა. ბუჩის ტრაგედიაში რუსეთის როლის უარყოფას არაერთი პუბლიკაცია და პოსტი დაუთმო.

იმის საილუსტრაციოდ, რომ უკრაინა მსხვერპლს აყალბებს, გამოყენებული იყო ვიდეომანიპულაციები, სადაც ერთ შემთხვევაში რუსი რეპერის ჰასკის კლიპის გადაღების ის ფრაგმენტი იყო გამოყენებული, რომელშიც მიცვალებულის როლის შემსრულებელი სიგარეტს ეწევა, ხოლო მეორე შემთხვევაში ავსტრიაში კლიმატის ცვლილებების გასაპროტესტებლად გამართული სიმბოლური პერფორმანსის კადრები, რომელშიც აქციის მონაწილე გვამი მოძრაობს. ზელენსკის ნარკოტიკებზე დამოკიდებულების საილუსტრაციოდ მონიტორინგის პროცესში 3 პროგრამულად დამუშავებული, გაყალბებული ვიდეო გავრცელდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დეზინფორმაცია და მანიპულაციური შინაარსი, რომელიც „აზოვის“ ბატალიონს და სტეპან ბანდერას უკავშირდებოდა, თანხვედრაში იყო კრემლის გზავნილთან, რომელიც ქვეყნის დენაციფიკაციის საბაბით რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამართლებას ისახავდა მიზნად. ყველაზე ფართოდ ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელდა ძველი ვიდეო, რომელიც ამტკიცებდა, რომ აზოვის ბატალიონმა დონბასელი მეომარი ჯვარზე გააკრა და დაწვა. ასევე ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბანდერას მიერ დახოცილი ბავშვების ხსნოვნის საპატივცემულოდ პოლონეთში ძეგლი აღიმართა, რომელიც რეალურად დედის მიერ საკუთარი შვილების დახოცვის ტრაგიკულ ისტორიას ასახავდა.

საქართველოში, ქობულეთში კრემლისტური პარტია კონსერვატიული მოძრაობა/ალტინფოს წინააღმდეგ გამართული აქცია, რა დროსაც პარტიის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რუსულმა ფეისბუკ ანგარიშებმა არასწორი აღწერით გაავრცელეს და ამტკიცებდნენ, რომ უკრაინის მხარდამჭერ აქციებს საქართველოში არბევენ.

ანგარიშის თანახმად, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ინფორმაციული ოპერაციების განსახორციელებლად და პროპაგანდის მიზნით კრემლი კომუნიკაციის მრავალფეროვან არხებს იყენებდა. გამოვლინდა შემთხვევები, როცა ზოგიერთი საინფორმაციო მედია მონიტორინგის გვერდის ავლის მიზნით, პოლიტიკური შინაარსის მასალებს გასართობი არხებით (Россия 1, Музыка 80-90-00’ს) ან კოორდინირებულად პარტიის მხარდამჭერი ინდივიდუალური ფეისბუქ ანგარიშების მეშვეობით (საქართველო, ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა) ავრცელებდა.

გარდა რუსეთის სამთავრობო და პროპაგანდისტული მედიებისა (RT, Первый канал, Россия 1, Телеканал «Звезда»,
Царьград და სხვა), ხდებოდა ინგლისურენოვანი ექსპერტების (სკოტ რიტერი, გონზალო ლირა) კომენტარების კოორდინირებული გავრცელება. გამოვლინდა სხვადასხვა ქვეყნებში რუსული დიასპორებისა და უკვდავი პოლკის ფეისბუქ ანგარიშები, რომლებიც უკრაინა-რუსეთის ომის დროს როგორც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის, ასევე ადგილობრივი დიასპორების მობილიზებისთვის გამოიყენებოდა. უცხოეთში კომუნისტური პარტიების მობილიზება კი ნატოს წინააღმდეგ და რუსეთის მხარდაჭერის გამოსახატად ხდებოდა.

„მითების დეტექტორის“ აცხადებს, საქართველოში უკრაინაზე დეზინფორმაციის გავრცელებაში, გარდა კრემლისტური პარტიების ადამიანური და მედია რესურსისა, ანტივაქსერები და გარკვეულ შემთხვევაში რელიგიური აქტორებიც იყვნენ ჩართულნი.

ანგარიშის თანახმად, ქართულენოვანი წყაროები, რომლებიც კრემლის იდენტურ პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ მასალებს ავრცელებდნენ, ფრაგმენტიზირებული იყვნენ. თუმცა, გამოიკვეთა რამდენიმე ჯგუფი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული დეზინფორმაციულ კამპანიაში და ამ მიზნით სხვადასხვა აქტორების მობილიზებას ახდენდა:

„მითების დეტექტორის“ ანგარიში სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.