ახალი ამბები

შსს: პოლიციელი ქალის სახელით გაყალბებული ანგარიში ძალადობას ამართლებს

25 მაისი, 2022 • 803
შსს: პოლიციელი ქალის სახელით გაყალბებული ანგარიში ძალადობას ამართლებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფეისბუკზე შეიქმნა ყალბი პროფილი, რომელიც პოლიციელი ქალის სახელით ამართლებს ქალებზე ძალადობას.

როგორც შსს-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განმარტავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰყავს ქეთი წიკლაურის პერსონალური მონაცემით არც მოქმედი და არც ყოფილი პოლიციელი.

„გაყალბებულია​ Facebook-მომხმარებლის ე.წ. ექაუნთი, სადაც სხვა სახელისა და გვარის მქონე პირი საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევის მიზნით პროვოცირებს და მიზანმიმართულად იყენებს სულ სხვა გვარ-სახელის პატრულ-ინსპექტორის ფოტოებს, რაც ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და უწყების მხრიდან ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ტარდება. პოლიცია სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, ასევე, მსგავს ფაქტებზე ატარებს მაქსიმალურ ზომებს, მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული ხარისხიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით,“ – წერია განცხადებაში.


21 მაისს თბილისში ავტობუსში ქმარმა ცოლი სასიკვდილოდ დაჭრა, შვილების თვალწინ. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მომხდარიდან 2 დღეში, 23 მაისს თბილისში, ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა. ქალი გადარჩა და კლინიკაშია, კაცი კი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი