ახალი ამბები

“Harpoon-ის სარაკეტო სისტემას მივიღებთ” – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

24 მაისი, 2022 • 747
“Harpoon-ის სარაკეტო სისტემას მივიღებთ” – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის განცხადებით,  უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა უკრაინისთვის ახალი იარაღისა და ამ იარაღის მიწოდების „ახალი გზების“ შესახებ.

მინისტრის განცხადებით, ომის მიმდინარეობისას ეს შესაძლოა „გარდამტეხი მომენტი“ აღმოჩნდეს.

„ვიმედოვნებ, რომ მომდევნო შეხვედრაზე შემეძლება ჩემს კოლეგებს მოვახსენო იმ იარაღის გამოყენების შედეგებზე, რომელთა შესახებ 23 მაისის შეხვედრაზე ვისაუბრეთ. შედეგად, სხვა საკითხებს შორის, ჩვენ უკვე მივიღეთ დადასტურება ჩვენი სანაპირო დაცვის საშუალებების გაძლიერების შესახებ.

უფრო კონკრეტულად, ჩვენ ვსაუბრობთ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „Harpoon-ის“ შესახებ“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს სხვა „სასიამოვნო სიურპრიზებიც“, რომელიც გაზრდის უკრაინული არმიის შესაძლებლობებს და „არასასიამოვნო“ იქნება მოწინააღმდეგისთვის.

„Harpoon“ ამერიკული ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემაა, რომლის გამოყენებაც ყველა ამინდში, საზღვაო სამიზნის განადგურების მიზნითაა შესაძლებელი.

რაკეტის გაშვება შესაძლებელია თვითმფრინავებიდან, გემებიდან, წყალქვეშა ნავებიდან და სანაპირო დაცვის ბატარიებიდან.

უკრაინა გარდა დასავლური შეიარაღებისა, სანაპირო დაცვისთვის ასევე იყენებს ადგილობრივი წარმოების „ნეპტუნის“ სარაკეტო სისტემას, რომლის გამოყენებითაც ჩაძირეს რუსული ხომალდი „მოსკვა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი