ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გარდაიცვალა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე რამაზ თოლორდავა 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუკის გვერდმა გაავრცელა. სამეგრელოს საკითხებზე მომუშავე მედიის, „ლაივპრესის“ ცნობით, მისი გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობაა.

რამაზ თოლორდავა, რომელიც 2021 წლის დეკემბრის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა, საკრებულოში პროპორციული წესით იყო არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიით.

მისი გარდაცვალების შემდეგ, საკრებულოში მას „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციულ სიაში რიგითობით შემდეგი პირი ჩაანაცვლებს.

ჩხოროწყუს საკრებულოს 27 წევრი აკომპლექტებს. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შედეგად საკრებულოში 12 დეპუტატი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ექსპრემიერი გიორგი გახარიას პარტიამ 7-7, ხოლო „ლელომ“ – 1.