უკრაინის რადამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ორ ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში დამატებით 90 დღით გახანგრძლივდა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზება.
ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა 23 აგვისტომდე შენარჩუნდება, თუმცა, შესაძლოა, რომ ის კიდევ გახანგრძლივდეს.
ამავდროულად, პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ გამორიცხულია რაიმე სახის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთთან, რადგან უკრაინა არ მისცემს საშუალებას მოწინააღმდეგეს, გადაჯგუფდეს და კიდევ ერთხელ დაესხას მას თავს.
უკრაინაში ომის, თითქმის სამი თვის გასვლის შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალები, საერთო ჯამში, იმაზე ნაკლებ ტერიტორიას აკონტროლებენ, ვიდრე ომის დაწყების პირველი კვირის ბოლოს.
რუსული ჯარები, უკრაინული წინააღმდეგობის შედეგად, გავიდნენ ჟიტომირის, კიევის, ჩერნიჰივის, სუმის ოლქებიდან. ასევე დატოვეს დაკავებული ტერიტორიები მიკოლაევის ოლქშიც.
უკრაინული ძალები ამჟამად საოკუპაციო გარნიზონებს ხარკოვის ოლქში უტევენ. ვრცელდება ცნობები, რომ რიგ მიმართულებებზე უკრაინულმა არმიამ რუსეთთან სახელმწიფო საზღვრამდეც მიაღწია.
ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკის ოლქში, სადაც რუსული ძალები ქალაქ სევეროდონეცკის აღებას ცდილობენ.
ასევე ბრძოლებია დონეცკის, ხერსონის, ზაპოროჟიას ოლქებსა და შავი ზღვის აკვატორიაში.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.