მასკმა ბორტგამცილებელი სექსუალურად შეავიწროვა, სიჩუმისთვის კი გადაუხადა — Businessinsider

გამოცემა Businessinsider დოკუმენტებზე და მოწმეზე დაყრდნობით წერს, რომ SpaceX-ის დამფუძნებელმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა 2016 წელს ბორტგამცილებელი სექსუალურად შეავიწროვა, შემდეგ კი მასთან 250 ათასი აშშ დოლარის გარიგება დადო – იმ პირობით, რომ ქალი სასამართლოში არ იჩივლებდა.

გამოცემამ ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ჩვენება და მხარეებს შორის ელექტრონული ფოსტით გაცვლილი კორესპონდენცია, ქალის მეგობრისგან მიიღო. თავის დროზე ამ მეგობარს ქალის ადვოკატი დაუკავშირდა და ჩვენების მომზადება სთხოვა. მაშინ ადვოკატთან ერთად ქალმა კომპანიის HR-ს [ადამიანური რესურსი მართვის დეპარტამენტი] მიმართა, რაც საბოლოოდ დასრულდა კიდეც გარიგებით.

„პენისით ნებართვის გარეშე ბარძაყზე შეეხო, შემდეგ „უფრო მეტის“ სანაცვლოდ ცხენის ყიდვა შესთავაზა“

Businessinsider აცხადებს, რომ პირადად ესაუბრა მეგობარს, თუმცა, მან ვინაობის საჯაროდ გამხელა უსაფრთხოების რისკების გამო არ ისურვა. გამოცემის თანახმად, მათ ასევე იციან იმ ქალის ვინაობა, ვინც მასკს შევიწროებაში ადანაშაულებს, თუმცა, მასაც მიზანმიმართულად არ ასაჯაროებენ.

რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევას, მოწმის ინფორმაციით, მასკმა ბორტგამცილებელი 2016 წელს შეავიწროვა, როცა SpaceX-ის ბალანსზე მყოფ კერძო თვითმფრინავი ლონდონში მიფრინავდა.

როგორც მეგობარი იხსენებს, სანამ ქალს ბორტგამცილებლის პოზიციაზე აიყვანდნენ, მას უბიძგეს, აეღო მასაჟისტის ლიცენზია.

„ბორტგამცილებლის მეგობარი აცხადებს, რომ მილიარდერმა, SpaceX-სა და Tesla-ს დამფუძნებელმა სთხოვა მას ფრენის დროს მის კაბინაში შესულიყო „სხეულის სრული მასაჟისთვის“. მასკი ქალს დახვდა „სრულიად შიშველი, გარდა ნაჭრისა, რომელიც მისი სხეულის ქვედა ნაწილს ფარავდა“.

მასაჟის დროს, როგორც ჩვენებაშია ნათქვამი, მასკმა „გამოაჩინა მისი სასქესო ორგანო“, შემდეგ „შეეხო მას [ბარძაყზე] და შესთავაზა ცხენის ყიდვა [ბორტგამცილებელი იმ დროისთვის ჯირითობდა], თუ ის უფრო მეტზე დათანხმდებოდა, რაშიც სქესობრივი აქტი იგულისხმებოდა“ – წერს Businessinsider დოკუმენტებზე დაყრდნობით. ამასთანავე, მედია წერს, რომ ბორტგამცილებელმა ამაზე უარი თქვა და არ ჩაება სქესობრივ ურთიერთობაში მაკსთან.

მოწმე მედიასაშუალებასთან ინტერვიუში იხსენებს, რომ მისი მეგობარი ბორტგამცილებელი მომხდარის შემდეგ ემოციურად შეძრული იყო, რადგან მასკს დიდ პატივს სცემდა.

მისივე თქმით, მომხდარის შემდგომ ბორტგამცილებელი სამსახურში გრძნობდა მისდამი გაუარესებულ დამოკიდებულებას. მაგალითად, მას განმარტების გარეშე უმცირებდნენ სამუშაო საათებს.

საბოლოოდ, წნეხის გამო ქალმა ადვოკატთან ერთად კომპანიის HR-ს მიმართა, რაც საბოლოოდ, გარიგებით დასრულდა.

Businessinsider ასევე დაუკავშირდა ილონ მასკს, რომელმაც ვრცელ კომენტარზე უარი თქვა: „მე რომ ვყოფილიყავი სექსუალური შევიწროებისკენ მიმართული, ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა, ჩემს 30-წლიან კარიერაში, როდესაც ამგვარი ისტორია გასაჯაროვდებოდა,“ — დასძინა მასკმა და დაამატა, რომ სტატია პოლიტიკურად მოტივირებულია.