რუსები კომისარიატებზე თავდასხმით სავარაუდოდ ფარულ მობილიზაციას აპროტესტებენ — ISW

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ ოპერაციებს რათა წინ წაიწიონ პოპასნას ჩრდილოეთით და დასავლეთით და მოემზადონ სევეროდონეცკის მიმართულებით შეტევისთვის.

რუსეთის და მარიუპოლის მარიონეტული ორგანოები იბრძვიან ქალაქზე თანმიმდევრული ადმინისტრაციული კონტროლის დასამყარებლად.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ძალები წარუმატებლად შეეცადნენ დაებრუნებინათ კონტროლი იმ დასახლებებზე, რომლებიც დაკარგეს ხარკოვის ჩრდილოეთით უკრაინის კონტრშეტევის დროს. ისინი აძლიერებენ ძალებს ზღვაში ზმეინის კუნძულის გარშემო.

„უკრაინის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხარკოვის ღერძიდან გამოყვანილი რუსული ჯარის ნაწილი 19 მაისს გადავიდა დონეცკის დასავლეთით. უკრაინის სამხედრო დირექტორატმა დააფიქსირა რუსი სამხედრო მოსამსახურის ზარი, რომელიც ამბობდა, რომ ხარკოვის მიმართულებიდან გადაყვანილი სამხედროები შოკირებული იყვნენ ბრძოლების ინტენსივობით დონბასში. რუსული ძალები კვლავ განიცდიან სარეზერვო ცოცხალი ძალის დეფიციტს, რის გამოც რუსეთის სამხედრო სარდლობამ გააერთიანა დაცლილი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები (BTG). აშშ-ის თავდაცვის ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუსულ ძალებს ჯერ კიდევ ჰყავთ 106 BTG, რომლებიც მოქმედებენ უკრაინაში, მაგრამ ზარალის ასანაზღაურებლად ზოგიერთის დაშლა და გაერთიანება მოუწიათ. უკრაინის გენერალური შტაბის მთავარი ოპერაციების უფროსის მოადგილე ოლექსი გრომოვმა განაცხადა, რომ რუსული ძალები აერთიანებენ წყნარი ოკეანის და ჩრდილოეთ ფლოტის დანაყოფებს 40-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის და 200-ე ცალკეული მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის მუდმივ მდებარეობებზე. გრომოვმა დასძინა, რომ რუსული ძალები ამზადებენ სამხედრო მოსამსახურეებს კრასნოდარის მხარეში 49-ე გაერთიანებული არმიის ნაწილების შესავსებად და ცდილობენ აღადგინონ ოკუპირებულ ყირიმში ბრძოლის ფრონტიდან გამოყვანილი რუსული შენაერთების საბრძოლო ძალა“, — წერს ISW.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი, ასევე, აღნიშავს, რომ უცნობმა რუსმა სამართალდამრღვევებმა, სავარაუდოდ, ფარული მობილიზაციის პროტესტის ნიშნად, მაისში განახორციელეს მოლოტოვის კოქტეილით თავდასხმები რუსეთის სამხედრო კომისარიატებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. რუსული მედია და ადგილობრივი Telegram-ის არხები იტყობინებოდნენ მოსკოვის ოლქის სამ დასახლებაში — ომსკში, ვოლგოგრადში, რიაზანის ოლქში და ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში — სამხედრო კომისარიატებზე განზრახ ცეცხლის წაკიდების შესახებ 4 მაისიდან 18 მაისამდე პერიოდში. უკრაინის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ოლექსი გრომოვმა განაცხადა, რომ სამხედრო კომისარიატებზე განზრახ ცეცხლის წაკიდების 12 შემთხვევა დაფიქსირდა. რუსმა ოფიციალურმა პირებმა ორი 16 წლის მოზარდი დაიჭირეს მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ დასახლებაში, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ სამხედრო კომისარიატებზე თავდასხმებში რუსეთის მოქალაქეები არიან პასუხისმგებელნი.