ახალი ამბები

ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა

18 მაისი, 2022 • 1807
ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა

1994 -2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში, ლევან მამალაძე სამშობლოში პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ დაბრუნდა.

მამალაძემ საქართველო ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ დატოვა. მას საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის გამოძალვის ბრალდებით 17-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

„TV პირველთან“ საუბრისას მამალაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა იქნება „პოლიტიკასთან [ახლოს]“

„მე ვიყავი პოლიტიკაში, მაღალი თანამდებობებიც მქონდა, გავლენებიც მქონდა შესაბამისი. პოლიტიკაში ყოფნა ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მე არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან“, – განაცხადა მამალაძემ.

ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, 2004 წლამდე ჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულს შეეხება.

მამალაძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ჟურნალისტების, მაკა ჩიხლაძისა და ნოდარ მელაძის მკვლელობას გეგმავდნენ.

ფოტო გარეკანზე: ლევან მამალაძე/„TV პირველი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი