საზოგადოება

ომბუდსმენი პრეზიდენტს გვარამიას შეწყალების განხილვისკენ მოუწოდებს

17 მაისი, 2022 • 920
ომბუდსმენი პრეზიდენტს გვარამიას შეწყალების განხილვისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს პრეზიდენტს და „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრებები გაუზიაროს.

„ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის და იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტული პირის საქმის მსჯავრში ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში პრეზიდენტის როლი“, — განაცხადა ლომჯარიამ.

კითხვაზე, მოუწოდებს თუ არა ის პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებისკენ, ლომჯარიამ უპასუხა:

„მე მოვუწოდებ, რომ მან განიხილოს ეს საკითხი ნამდვილად იმიტომ, რომ ადამიანი არის მსჯავრში მიცემული იმის გამო, რაც არც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით და არც საერთაშორისო პრაქტიკით არ წარმოადგენს დანაშაულს. ამის მტკიცებულებები გვაქვს, გვაქვს კომპეტენტური სამართლებრივი მოსაზრებები.

თუკი პირის მიმართ დადგა განაჩენი იმის გამო, რაც არ წარმოადგენს დანაშაულს, პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ ასეთი უსამართლო პრეცედენტები ქვეყანაში არ იყოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, განიხილოს ეს საკითხი“, — განაცხადა სახალხო დამცველმა.


„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას საქმის მიმართ კითხვები თავიდანვე არსებობდა. მისი თქმით, განაჩენის სამართლიანობაში დასარწმუნებლად, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მსგავს საქმეებში არ ხდება პოლიტიკური ჩარევა და ბრალდება არ არის შერჩევითი.

ამასთან, აშშ-ს საელჩოს შეფასებით, შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი