ევროპარლამენტის წევრის და პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, საჭიროა, რომ ევროკავშირი და ევროპარლამენტი გაძლიერდეს და წინ აღუდგეს რუსული აგრესიით შექმნილ გამოწვევებს.
„პირადად მე მსურს ისეთი ძლიერი კავშირი, რომელსაც შეეძლება არა მხოლოდ წინ აღუდგეს პუტინს, არამედ გააგზავნოს იგი ჯოჯოხეთში“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განცხადებით, ევროკავშირს სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები და ენერგოუსაფრთხოება, რაც, მისი განცხადებით, ასევე გულისხმობს ევროკავშირის მიერ ბუნებრივი აირის ერთობლივ შესყიდვასაც.
უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ცდილობს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები დააშანტაჟოს გაზის მიწოდების საკითხით.
ევროკავშირის უწყებებსა და ინსტიტუტებში განიხილავენ ბუნებრივი აირით მომარაგების სხვა გზებს, ასევე განიხილება რესურსების კოლექტიური შესყიდვა და გადანაწილებაც.