ახალი ამბები

არახამია: აზოვსტალთან კავშირი აღდგა

4 მაისი, 2022 •
არახამია: აზოვსტალთან კავშირი აღდგა

უკრაინის მმართველი პარტიისა და უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრის, დავით არახამიას განცხადებით, მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე მყოფ მებრძოლებთან კონტაქტი აღდგა.

არახამიამ ეს განაცხადა უკრაინულ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

მანამდე ქალაქის მერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულ მებრძოლებთან კავშირი დაკარგული იყო.

არახამიას თანახმად, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე უკვე არიან რუსი აგრესორებიც. მას დამატებით დეტალებზე აღარ უსაუბრია.

დღეს საღამოს, უკრაინის არმიის გენშტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარხნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა რუსული თავდასხმა, თუმცა, უშედეგოდ.

21 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებზე შეტევა მიზანშეუწონლად მიაჩნია და ბრძანება გასცა, რომ შტურმი არ განხორციელებულიყო.

აზოვსტალი მარიუპოლში მდებარე უდიდესი ქარხანაა, სადაც ქალაქის ბოლო დამცველები სამოქალაქო პირებთან ერთად იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი