ახალი ამბები

აქცია თურქეთის საელჩოსთან „აზოვსტალში“ მყოფთა გადარჩენის მოთხოვნით

4 მაისი, 2022 • 2141
აქცია თურქეთის საელჩოსთან „აზოვსტალში“ მყოფთა გადარჩენის მოთხოვნით

თბილისში, თურქეთის საელჩოსთან, უკრაინისთვის დახმარების გაწევის თხოვნით აქცია იმართება.

შეკრებილები თურქეთს სთხოვენ, დაეხმაროს უკრაინას „აზოვტალის“ დებლოკადასა და იქ მყოფი სამოქალაქოებისა და დაჭრილი მებრძოლების ევაკუაციაში.

აქციის გამართვისკენ მოწოდება თავდაპირველად უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა მეომარმა გიორგი ყუფარაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, პარალელურად, მსგავსი მოთხოვნით აქციები გაიმართება პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, გერმანიასა და ამერიკაში.

აქცია თურქეთის საელჩოსთან

აქციას საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებიც შეუერთდნენ:

“თურქეთის ხელისუფლებას დახმარებას ვთხოვთ აზოვტალის ქარხანაში მყოფი სამხედროების ევაკუაციისთვის იმიტომ, რომ ბიჭები იქ უკანასკნელ ძალებს იკრებენ. თურქეთი ერთ-ერთია იმ შესაძლო ქვეყნებიდან, რომელსაც შეუძლია მათი გამოყვანა და თურქეთის ტერიტორიაზე გადაყვანა”, – ამბობს ალექსანდრი ლვოვიდან, რომელიც საქართველოში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა.

აქცია თურქეთის საელჩოსთან

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ბრძოლები არ შეწყვეტილა. ერთ-ერთი პირველი იერიში რუსულმა არმიამ მარიუპოლზე მიიტანა. აღნიშნულ ქალაქს აქვს სტრატეგიული მდებარეობა, რადგან ის ანექსირებულ ყირიმსა და სეპარატისტულ დონბასს შორის დამაკავშირებელ გზაზეა.

მარიუპოლში ასევე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“, რომელსაც თავს ამ დრომდე აფარებს რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქე და ასევე, მებრძოლთა ნაწილი.

მარიუპოლს, გარდა „აზოვსტალისა“, რუსეთის არმია აკონტროლებს.

აქცია თურქეთის საელჩოსთან

მასალების გადაბეჭდვის წესი