NGO-ები ევროკავშირის კითხვარზე პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიმართავენ და ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ.

ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადებით, 2022 წლის 29 აპრილს საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროკავშირის კითხვარზე, ქვეყნის სახელით, მომზადებული პასუხების გასაჯაროებაზე. NGO-ები აცხადებენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პასუხები შეიცავს საკითხებს, რომელთა გასაჯაროება არ არის მიზანშეწონილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია შეიძლება გასაიდუმლოვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას:

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, გაასაჯაროოთ ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხები, ან წარმოადგინოთ არგუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რა საფუძვლით ახდენთ ინფორმაციის გასაიდუმლოებას. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირისთვის მიწოდებული ინფორმაცია ნამდვილად შეიცავს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას, შესაბამისი ნაწილები უნდა დაიშიფროს, დანარჩენი ნაწილი კი გასაჯაროვდეს, როგორც ამას საქართველოსა და ევროკავშირის ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტი მოითხოვს“, – აცხადებენ ორგანიზაციებში.

NGO-ები აღნიშნავენ, რომ ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 88% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას და აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა, ღიაობა და მასში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.