რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ბელგოროდის ოლქში, გუბერნატორის თანახმად, ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ინფორმაცია ვიაჩესლავ გუდკოვმა ტელეგრამით გაავრცელა.

გუდკოვი ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქებებს ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია.

“ვეცდები, დილით მეტი ინფორმაცია მივიღო”, — დაწერა გუბერნატორმა 2 მაისს, 03:42 საათზე.

მანამდე, პირველ მაისს, ამავე ოლქში თავდაცვის სამინისტროს ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. გუბერნატორის თანახმად, შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი მოქალაქე და დაზიანდა 7 საცხოვრებელი სახლი.

ამასთან, უკრაინის მოსაზღვრე კიდევ ერთი ოლქის, კურსკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ სარკინიგზო ხიდი დაზიანდა ხაზზე, რომელიც სატვირთო მატარებლებისთვის გამოიყენება. მან მომხდარს დივერსიული აქტი უწოდა.

აპრილში რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა ბელგოროდის ოლქში მდებარე საწვავის საცავის დაბომბვაში, რაც კიევმა უარყო. მოსკოვი ასევე ადანაშაულებს უკრაინას საზღვრისპირა სოფლების დაბომბვასა და საბრძოლო მასალის საცავზე რაკეტებით თავდასხმაში.

24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი.

ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.

ფოტო: BBC/Getty Images