იტალიური გამოცემა „Il Messaggero-ს“ თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამჯერ უარყო რომის პაპის ფრანცისკეს შეთავაზება, რათა მომხდარიყო მარიუპოლიდან სამოქალაქო პირების ევაკუაცია.
პაპის შეთავაზებით, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე მყოფ სამოქალაქო პირებს ვატიკანის დროშის ქვეშ მცურავი გემი წაიყვანდა, თუმცა სამივე ჯერზე, პაპის შეთავაზება კრემლში უარყვეს.
ვატიკანი, ოფიციალურად წმინდა საყდარი, ომამდე განიხილებოდა რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შესაძლო შეხვედრის ადგილად, თუმცა ამგვარი შეხვედრა არ შემდგარა.
მარიუპოლში, აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში მებრძოლებთან ერთად, ამ დრომდე რჩებიან სამოქალაქო პირებიც, რომლებიც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებენ.
ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსული ჯარები აღარ შეეცდებიან ქარხნის აღებას, რათა უფრო მეტი მსხვერპლი არ ჰქონდეთ, თუმცა მოახდენენ ქარხნის ბლოკირებას.
აზოვსტალში გამაგრებული მებრძოლებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ისინი არ აპირებენ დანებებას, თუმცა მზად იყვნენ აზოვსტალის დასატოვებლად მესამე ქვეყნის ჩართულობითა და მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადასვლით.
ქალაქი მარიუპოლი აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსეთისა და ყირიმის სახმელეთო გზაზეა.
ქალაქი რუსული დაბომბვების შემდეგ ნანგრევებადაა ქცეული. წინასწარი შეფასებით, დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.