ახალი ამბები

PACE: პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციის მთავარი დაბრკოლებაა

29 აპრილი, 2022 • 645
PACE: პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციის მთავარი დაბრკოლებაა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) მიესალმება ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებების შესრულებაში საქართველოს მიერ 2014 წლიდან მიღწეულ „უწყვეტ და თვალსაჩინო პროგრესს“, თუმცა ამბობს, რომ რჩება მთელი რიგი ხარვეზები და შეშფოთებები.

PACE-მა 55 ხმით, 0-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ეფუძნება ტიტუს კორლატეანის (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნის (საფრანგეთი, ALDE) მოხსენებას საქართველოსთან დაკავშირებით.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოში „უკიდურესად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“ და ეს იყო საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის „ძირითადი დაბრკოლება“.

„ეს პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, რომელიც გამოწვეულია ნულოვანი ჯამის პოლიტიკური სტრატეგიებით და როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი უმრავლესობის მიერ მათი პოზიციისა და სწორი როლების გაგების ნაკლებობით, გამორიცხავს მათ შორის ყოველგვარ კონსტრუქციულ თანამშრომლობას. ის ასევე გავლენას ახდენს გადამწყვეტი რეფორმების განხორციელებაზე და წარმოადგენს მთავარ შემაფერხებელს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის. ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაცია არის ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი პასუხისმგებლობა და არამხოლოდ ხელისუფლების ან ოპოზიციის“, — ნათქვამია რეზოლუციაში.

საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, „ერის საერთო სიკეთე ნებისმიერ ვიწროპარტიულ პოლიტიკურ სტრატეგიაზე მაღლა დააყენონ“.

პარლამენტარებმა ჩამოთვალეს რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც შეიძლება, ხელისუფლებამ გადადგას საარჩევნო რეფორმის წინსვლის, საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხელშეწყობისთვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად, მედიის თავისუფლების გაფართოებისა და ლგბტი+ თემის დასაცავად.

ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, უზრუნველყონ, რომ კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებები განხორციელდეს ფართო კონსულტაციებისა და კონსენსუსის საფუძველზე ყველა პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარეს შორის.

ასამბლეა წუხს, რომ ბოლო არჩევნები საქართველოში იყო პოლიტიკური დაძაბულობისა და არასტაბილურობის წყარო და გამოხატავს შეშფოთებას საარჩევნო პროცესში განმეორებადი ხარვეზების გამო. ამასთან დაკავშირებით ასამბლეა ჩამოთვლის ცნობებს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, მათ შორის, სახელმწიფო თანამშრომლებზე ზეწოლის შესახებ; ნეგატიურ და კონფრონტაციულ კამპანიას, ზოგჯერ სიძულვილის ენის საზღვრების გადალახვას. PACE განსაკუთრებით შემაშფოთებელს უწოდებს ცნობებს საარჩევნო კამპანიის დროს ძალადობრივი ინციდენტების შესახებ და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • გამოიძიოს და, საჭიროების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნა აწარმოოს, ნებისმიერი ძალადობის და ამომრჩევლებზე ზეწოლის ცნობებზე, ისევე როგორც სხვა საარჩევნო დარღვევებზე, და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან ერთად მკაფიო სიგნალი გაავრცელოს, რომ საარჩევნო დარღვევები და არასწორი პრაქტიკა დაუსჯელი არ დარჩება;
  • გადახედოს პარტიებისა და კამპანიების დაფინანსების საკანონმდებლო ბაზას კორუფციის საწინააღმდეგო სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციებისა და სტანდარტების შესაბამისად;
  • გააგრძელოს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის გაძლიერება ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამ კონტექსტში ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არა მხოლოდ უნდა მოქმედებდეს მიუკერძოებლად, არამედ ის ასევე უნდა იყოს აღქმული, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ყველა დაინტერესებული მხარის მიერ;
  • განახორციელოს და გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ, ისევე როგორც ასამბლეის და OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციები.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და მართლმსაჯულების მიუკერძოებელი და ეფექტური განხორციელება დიდი ხანია იყო ასამბლეის ყურადღების ცენტრში საქართველოში მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში. ასამბლეა მიესალმება ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სასამართლო რეფორმების ტალღებს, თუმცა ამბობს, რომ მთელი რიგი შეშფოთება რჩება. ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სასამართლო რეფორმების პირველი ოთხი ტალღის ყოვლისმომცველი და დამოუკიდებელი შეფასების იმპლემენტაციისკენ, წარმატებული სფეროების და დარჩენილი ხარვეზების იდენტიფიკაციისკენ.

PACE მიიჩნევს, რომ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი არსებითი რეფორმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესების სათანადო ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.

„ეს განსაკუთრებით ეხება მოსამართლეთა დანიშვნას და სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც გავლენას ახდენს მათ კარიერაზე. ასამბლეა წუხს, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ დროულად არ შეასრულა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნასთან დაკავშირებით, რადგან არსებული მეთოდი დაუცველია ბოროტად გამოყენებისთვის და იძლევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სასამართლოებზე არასათანადო გავლენის საშუალებას.

ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მიიღოს აუცილებელი ცვლილებები „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში, რათა უზრუნველყოს რაიონული და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევა უშუალოდ თითოეული სასამართლოს მოსამართლის მიერ და მათ შორის ერთი არაგანახლებული ვადით“, — ნათქვამია რეზოლუციაში.

ასამბლეა წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა გააგრძელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა არასრულფასოვანი პროცესის საფუძველზე, მიუხედავად დაინტერესებული მხარეების, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის, საპირისპიროზე გავრცელებული მოწოდებისა.

„ამ კონტექსტში ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია ფარული (პოლიტიკური) მოტივებით მართლმსაჯულების სისტემის ინსტრუმენტალიზაციის შესახებ ანგარიშებით, ისევე, როგორც მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტაციის მცდელობებით იმავე მიზეზების გამო. პოლიტიკურ მოტივაციას, აღქმულ თუ რეალურს, ადგილი არ აქვს დემოკრატიული ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემაში“, — ნათქვამია რეზოლუციაში.

PACE გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში ადმინისტრაციული დაკავების სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ და აცხადებს, რომ დაუყოვნებლად უნდა იქნას მიღებული ახალი კანონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ. ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ მოქმედი კანონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ, რომელიც საბჭოთა ეპოქიდან იღებს სათავეს, მოძველებულია და მისი რამდენიმე დებულება არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. შედეგად, იძლევა ადმინისტრაციული პატიმრობის გადამეტებულ და ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას, ასევე, ითვალისწინებს ზედმეტად მაღალ ჯარიმებს. ასამბლეა მიესალმება საქართველოს ხელისუფლების განზრახვას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ახალი კანონის პროექტი უახლოეს მომავალში წარმოადგინონ.

ასამბლეა ფიქრობს, რომ გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ზოგადად კარგად არის დაცული საქართველოში, თუმცა გამოხატავს შეშფოთებას მედიაგარემოს პოლარიზაციის გამო და მიიჩნევს, რომ ხელისუფლების რიგი ქმედებები და პოლიტიკა უარყოფითად აისახება მის პლურალიზმზე.

მედიასთან დაკავშირებით ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კიდევ უფრო გააძლიეროს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა, ასევე, ევროპის საბჭოს შესაბამის დეპარტამენტებთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციით, შეიმუშაონ ადეკვატური სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩო მედიაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის კონტექსტში.

ასამბლეა შეშფოთებულია საქართველოში LGBTIQ+ თემის მიმართ შეუწყნარებლობისა და ძალადობრივი ქმედებების გამო, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი