ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის მიერ პოლონეთისა და ბულგარეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა არის გაუმართლებელი და მიუღებელი.

მისი განცხადებით, ევროკავშირი კოორდინირებულ პასუხს შეიმუშავებს.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორი არასანდო მომწოდებელია რუსეთი. ჩვენ ამ სცენარისთვის მომზადებულები ვართ… ვმუშაობთ ალტერნატიული მარშრუტებისა და მარაგებისთვის ევროკავშირის მასშტაბით“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რუსული მხარის გადაწყვეტილებით, რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივ აირს 27 აპრილიდან აღარ აწვდის, რადგან ვარშავამ და სოფიამ უარი თქვეს ბუნებრივი აირის რუსულ რუბლში შეძენაზე.

დასავლეთის შეფასებით, რუსეთი ცდილობს ბუნებრივი აირის გამოყენებით ევროპული სახელმწიფოების დაშანტაჟებას.

უკრაინის ომის დაწყებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, კრემლმა მიიღო ბუნებრივი აირის მხოლოდ რუსულ რუბლებში გაყიდვის გადაწყვეტილება.

ევროკავშირის თანახმად, ეს გადაწყვეტილება არღვევს უკვე დადებულ კონტრაქტებს.