ყარაბაღის საკითხის გამო სომხეთის ოპოზიცია ფაშინიანის გადადგომას ითხოვს

ყარაბაღის საკითხის გამო, საპარლამენტო ოპოზიცია სომხეთის ქუჩებში პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამოდის და დაუმორჩილებლობის აქციებს აანონსებს.

გამოცემა azatutyun.am-ის ცნობით, ოპოზიციური ფრაქცია “ჰაიასტანის” წევრი იშხან საღათელიანი ოპოზიციის გეგმებს ამხელს.

“პირველ მაისამდე ერევანში ყოველდღე სხვადასხვა სახის საპროტესტო და დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება, ასევე, მსვლელობა, რომლის  შემდეგაც უფრო კონკრეტულ და მკაფიო მოქმედებებზე გადავალთ”, – განაცხადა საღათელიანმა.

ოპოზიციის მტკიცებით, ფაშინიანის მთავრობა გეგმავს, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს და, შესაბამისად, მოქალაქეებს მოუწოდებენ, ფაშინიანის გადაყენების გზით ხელისუფლების განზრახვას  ხელი შეუშალონ.

44- დღიანი ომი მთიან ყარაბაღში 2020 წლის 10 ნოემბერს დასრულდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს გადაეცა ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები. თუმცა, სამშვიდობო შეთანხმება მხარეებს შორის ამ დრომდე არ გაფორმებულა. სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად, სხვა მოთხოვნების პარალელურად, აზერბაიჯანი უარს ამბობს ყარაბაღელი სომხების რაიმე განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მსჯელობაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ხედვაში ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები გახდებიან. ამ საკითებზე მსჯელობა სომხური ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ განრისხებას იწვევს.

სამშვიდობო შეთანხმება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის რეალურია?| ხედვა აზერბაიჯანიდან

ამასთან, რამდენიმე კვირის წინ, ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის საკითხის  შესახებ სომხეთის საზოგადოების არასწორ მოლოდინებზე ისაუბრა და ამაში საკუთარი თავი დაადანაშაულა.

ბაქომ და ერევანმა შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმონ