უნდა დავიწყოთ იმით, რომ მიეცეს პრეზიდენტ ზელენსკის საშუალება, მიმართოს საქართველოს პარლამენტს — არახამია

დავით არახამიას აზრით, თბილისსა და კიევს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვა უნდა იყოს. აღნიშნულის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერს გადაცემის წამყვანმა ჰკითხა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე.

“ახლა როგორ უყურებთ ელჩის დაბრუნების საკითხს? რა წინაპირობებია იმისთვის საჭირო, რომ რაღაც თვალსაზრისით მაინც აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა ერთგვარად, რომელიც ახლა ფორმალურად შეწყვეტილი არ არის, მაგრამ ელჩის გაწვევა ძალიან მძიმე დიპლომატიური პასუხია”, — მიმართა ნიკა გვარამიამ დავით არახამიას.

“ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ნაბიჯი, რომლითაც შეიძლება დაწყება, მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა თითქმის ყველა ევროპულ პარლამენტში. საქართველოს პარლამენტში არ გამოსულა…

უნდა დავიწყოთ იმით, რომ მიეცეს პრეზიდენტ ზელენსკის საშუალება, მიმართოს საქართველოს პარლამენტს. ეს იქნება კარგი ჩვენება იმისა, რომ ხდება მიმდინარე სიტუაციის გადაფასება”, — დასძინა დავით არახამიამ კითხვის საპასუხოდ.

მანვე თქვა, რომ “საქართველო უნდა შეუერთდეს სანქციათა პაკეტს, რომელიც დაედო რუსეთს და თუ მტკივნეულია ეკონომიკურად, ამის ახსნაც შეიძლება, მაგრამ უბრალოდ ნუ დაეხმარებიან რუსეთის მოქალაქეებს და რუსეთის ბიზნესს, გვერდი აუარონ იმ სანქციებს, რომლებიც დაადეს მათ ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა”.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის პირველ მარტს გაიწვია და მიზეზად დაასახელა ქართული მხარის მიერ „მოხალისეების არგამოშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია“.

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ვინაიდან აღნიშნული დააზიანებდა საქართველოსა და მის მოსახლეობას.

იმავე პერიოდში ითქვა, რომ ქვეყანაში დაფრენის საშუალება არ მისცეს უკრაინის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ჩარტერულ რეისს, რომელსაც ქართველი მოხალისეები უნდა გადაეყვანა.

შთაბეჭდილება დამრჩა, ბუჩის ფონზე სურათებისთვის ჩამოვიდნენ — არახამია „ოცნებაზე“