უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქში გაანადგურეს შენაერთი, რომელიც ლიბიელი და სირიელი მებრძოლებით იყო დაკომპლექტებული.
ინფორმაციას უკრაინული პრავდა ავრცელებს.
„დღეს ჩვენ გვაქვს სურათები იმ ადამიანების, რომლებიც ლუგანსკის ოლქში, პოპასნაში დახოცეს. რთულია თქმა, თუ რა ტიპის ჯარისკაცები არიან ისინი. ჩვენ გვაქვს განსხვავებული კლიმატური პირობები და ომიც განსხვავებულია. მე არ ვფიქრობ, რომ ისინი მზად იყვნენ იმისთვის, რაც აქ ნახეს”.
დანილოვის განცხადებით, შენაერთში, რომელიც სრულად განადგურდა, 20-25 ადამიანი იბრძოდა.
რუსეთის გადაწყვეტილებით, უკრაინის ომში მონაწილეობის მიღება უცხოელ მოხალისეებსაც შეუძლიათ.
ომში სირიელი და ლიბიელი მებრძოლების რეალურად ჩართვის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება.
ომი უკრაინაში 57-ე დღეა გრძელდება.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ მიაღწია ომის დაწყების ძირითად მიზანს, აეღო კიევი და შეეცვალა უკრაინის ხელისუფლება, ომის მეორე ფაზა წამოიწყო, რომელიც ბრძოლების დონბასის რეგიონში გადატანას გულისხმობს.








