ახალი ამბები

მშობლები აუტიზმის ცენტრის აღსაჭურვად და ასაშენებლად ფულს აგროვებენ

19 აპრილი, 2022 • 917
მშობლები აუტიზმის ცენტრის აღსაჭურვად და ასაშენებლად ფულს აგროვებენ

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც აუტიზმის ეროვნულ ცენტრს აშენებენ, უკვე აშენებული კოტეჯების აღჭურვისა და შემდგომი სამუშაოებისთვის თანხას აგროვებენ.

როგორც ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი თათია მელაშვილი „ნეტგაზეთთან“ განმარტავს, „ფერადი ქალაქი“ იქნება ერთადერთი სივრცე, სადაც მოზარდი და ზრდასრული ასაკის აუტიზმის მქონე პირები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს შეიძენენ. საუბარია 2 ჰექტარზე გაშენებულ სივრცეზე, სადაც, ჯამში, 5 000 კვადრატული მეტრის ფართობის შენობა-ნაგებობები განთავსდება და მოეწყობა სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, განთავსდება სოციალური საწარმოებიც:

„ჩემი შვილი უკვე 18 წლისაა, სერვისის გარეშეა დარჩენილი და რეალურად, აუტიზმის მქონე ადამიანები, ვინც 18 წლის არიან უკვე, სრულიად სერვისის გარეშე არიან დარჩენილი. მეტიც, 16 წლიდანაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები დადიან ცენტრებში, რომლიებც აუტიზმის სერვისებს აწვდის მათ, ეს რეალურად არ არის ის, რაც ამ ასაკის აუტიზმის მქონე ადამიანს სჭირდება.

რეალურად, ქვეყანაში არ არსებობს არცერთი სერვისის მიმწოდებელი ცენტრი მოზარდი და ზრდასრული აუტიზმის მქონე ადამიანისთვის. ეს არის რეგიონული მნიშვნელობის პროექტი, რათა ამ ცენტრში შეიძინონ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები, იქნება ეს საკუთარი თავის თუ საყოფაცხოვრებო, სახლის მოვლის უნარი. აკადემიური და შრომითი უნარები იმის მიხედვით, რისი ნიჭიც აქვს და ა.შ. ეს არის კომპლექსი, სადაც ისინი არ იცხოვრებენ, მაგრამ მოემზადებიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და დაისწავლიან ყველა საჭირო უნარს ამისთვის“, – ამბობს თათია მელაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მისი თქმით, მერიამ ფონდს  ტერიტორია 2017 წელს გადასცა და საპროექტო ხარჯები მშობლებმა ქველმოქმედების წყალობით შეაგროვეს. მისი თქმით, ამჟამად ტერიტორიაზე უკვე აშენებულია ორი კოტეჯი, რომელთა აღჭურვისთვის საწყის ეტაზე ინიციატივის ავტორებს სჭირდებათ 7 ათასი ლარი, დამატებითი თანხას კი სამშენებლო სამუშაოების გასაგრძელებლად გამოიყენებენ:

„ეს ინიციატივა დიდი ხანია არსებობს. ჩვენ აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები ვართ, რომლებმაც დავაარსეთ ფონდი და ჩვენს მეგობრებთან ერთად ვაშენებთ აუტიზმის ეროვნულ ცენტრს, ფერად ქალაქს. დიდი კომპლექსია, ჯამში, 5 000 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა-ნაგებობებს მოიცავს. 2 ჰექტარი მიწა მერიამ გადმოგვცა ამისთვის თბილისში, სამგორის რაიონში, 2017 წელს და ამ ტერიტორიაზე შენდება ცენტრი.

პირველ ეტაპზე საკმაოდ რთული იყო თანხების მოგროვება. საქველმოქმედო აქციებით მოვაგროვეთ იმიტომ, რომ ყველაფერი შემოწირულებებით კეთდებოდა და მიემართებოდა მშენებლობას და, როგორც იტყვიან, თითო-თითო თეთრით მოვაგროვეთ საპროექტო ხარჯები. შემდგომ უკვე დაიწყო მშენებლობის პროცესი. ამჯერად უკვე ორი კოტეჯია აშენებული და კიდევ უნდა აშენდეს 4 კოტეჯი -ერთი ცენტრალური შენობა, პლუს სოციალური საწარმოები და ასე შემდეგ“, – ამბობს თათია მელაშვილი.

სურვილის შემთხვევაში შემოწირულობა „ფერადი ქალაქის“ ასაშენებლად შეგიძლიათ გააკეთოთ ბმულზე.

აჩუქე მომავალი აუტიზმის მქონე ადამიანებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი