ახალი ამბები

რუსეთის მორიგი ულტიმატუმი აზოვსტალში გამაგრებულ უკრაინელებს

19 აპრილი, 2022 • 2005
რუსეთის მორიგი ულტიმატუმი აზოვსტალში გამაგრებულ უკრაინელებს

რუსეთს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აზოვსტალში გამაგრებულ მებრძოლებს მოსკოვის დროით 14:00 საათიდან დანებებისკენ მოუწოდებს, სანაცვლოდ კი სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.

რუსული მხარე ამ განცხადებას ხსნის აზოვსტალში შექმნილი „კატასტროფული სიტუაციითა“ და „წმინდად ჰუმანისტური პრინციპებით“.

რუსეთის თანახმად, ამ ჰუმანიტარული ოპერაციისთვის 13:30 საათიდან უნდა გამოცხადდეს „ჩუმი რეჟიმი“, რისი ნიშანიც იქნება ორივე მხარის მიერ დროშების აღმართვა. განცხადების მიხედვით, რუსული მხარე აღმართავს წითელ დროშებს, უკრაინულმა მხარემ კი უნდა აღმართოს თეთრი დროშები ქარხნის მთელ ტერიტორიაზე.

აზოვსტალში მყოფ მებრძოლებს დანებებისთვის რუსეთი 2 საათს აძლევს, მოსკოვის დროით 14 საათიდან 16 საათამდე.

აზოვსტალის მეტალურგიული ქარხანა მარიუპოლში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს.

ქარხანა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტალურგიული საწარმოა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.

მასში ამჟამად იმყოფებიან უკრაინელი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები.

მიუხედავად ულტიმატუმისა, უკრაინული მედიის თანახმად, რუსული საოკუპაციო ძალები ბომბავენ ქარხნის ტერიტორიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი