უკრაინული მხარის განცხადებით, 18 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ომის ახალი ფაზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებაა.
მანამდე რუსეთის ჯარებმა დატოვეს უკრაინის ჩრდილოეთი, მათ შორის კიევის შემოგარენი, და აღმოსავლეთით ძალების გადაჯგუფება დაიწყეს.
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, რუსულმა შეტევამ აღმოსავლეთ ფრონტზე, შესაძლოა, მიაღწიოს შეზღუდულ წარმატებებს, მაგრამ ვერ იქნება იმაზე უფრო მეტად წარმატებული, ვიდრე ჩრდილოეთ ფრონტზე, საიდანაც რუსეთს საბოლოოდ გასვლა მოუხდა.
ინსტიტუტის თანახმად, მოსალოდნელია, რომ რუსეთი ვერც ამჯერად მოახერხებს კოორდინაციის პრობლემების აღმოფხვრას და დაწყებულ ოპერაციაზე კვლავ გავლენას იქონიებს რუსი ჯარისკაცების დაბალი საბრძოლო სულისკვეთება და ფართომასშტაბიანი ბრძოლის წარმოების გამოწვევები.
ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, ამჟამად რუსეთი უკრაინაში ოთხი ძირითადი მიმართულებით მოქმედებს საკუთარი ინტერესების მისაღწევად:
- მთავარი მიმართულება – აღმოსავლეთ უკრაინა;
- ხარკოვი და იზიუმი;
- სამხრეთის ფრონტი;
- სუმი და ჩრდიოლო-აღმოსავლეთის ფრონტი;
ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულება ორ ცალკეულ მიზანს აერთიანებს, მათ შორის, ქალაქ მარიუპოლის სრულად დაკავება და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაცია.
ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ძალები გააგრძელებენ შეტევას აზოვსტალის ქარხანაზე, რომელშიც უკრაინელი მებრძოლები არიან განლაგებული, ასევე გააგრძელებენ ბრძოლას დონბასში.
ომის კვლვევის ინსტიტუტის მიხედვით, რუსულმა ძალებმა შესაძლოა მიაღწიონ გარკვეულ წინსვლას აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინული ძალების დაყოფითა და მრავალი ცალკეული ფრონტის შექმნით, მაგრამ ეს ვერ იქნება ჩრდილოეთ ფრონტზე მიღწეულ შედეგებზე წარმატებული.
ანგარიშის მიხედვით, უკრაინული მხარის კონტრშეტევამ ხარკოვის ოლქში შესაძლოა აიძულოს რუსეთი, ხარკოვის მიმართულებით გადაისროლოს დამატებითი ძალები, თუმცა, ინსტიტუტის მიხედვით, უახლოეს კვირებში მოსალოდნელი არ არის, რომ უკრაინულმა ძალებმა სრულად გაარღვიონ რუსული მომარაგების ხაზები.
ამჟამად პერიოდული ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინის სამხრეთ ფრონტზე, ხერსონის ოლქში, სადაც უკრაინული ძალები კონტრშეტევაზე გადასვლას ცდილობენ.
ბრძოლები არ მიმდინარეობს სუმის, ჩერნიჰივისა და კიევის ოლქებში, რომლებიც მანამდე ნაწილობრივ რუსული ძალების მიერ იყო ოკუპირებული.
რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი უკვე 55 დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რუსეთმა ვერ შეძლო დედაქალაქის – კიევის დაკავება.
უკრაინის თანახმად, ომში უკვე მოკლეს მტრის 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი.








