იდეალურად დალაგდა დელეგაცია, ენმ-ის წარმომადგენელი არ იქნება – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში წამსვლელი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა „იდეალურად დალაგდა“, რადგან მასში ენმ წარმოდგენილი არ იქნება.

კობახიძის თქმით, „ომის პარტია“ ბორდს მიღმა უნდა იყოს.

„მე მგონია, რომ იდეალურად დალაგდა ყველაფერი. გუშინ იყო მათი საერთო ვიზიტის ჩაშლის მცდელობა. ჩვენი შეთავაზება იყო ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი და ამის შემდეგ გამჟღავნდა მათი რეალური სურვილი და, პრინციპში, იდეალურად დალაგდა დელეგაცია. რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც როცა მრავალპარტიულია ვიზიტი და ამევე დროს ენმ არ იქნება ამ ვიზიტში. ეს არის ძალიან სიმბოლური და ნიშანდობლივი.

„ნაცმოძრაობა“, რომელიც ომის პარტიაა, არ უნდა იყოს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად წარმოდგენილი[…] ძალიან კარგი, „ნაცმოძრაობა“ დარჩა მარტო. ყველა პოლიტიკური ჯგუფი მიდის უკრაინაში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. მოხდა კიდევ ერთხელ ყველაფრის ლუსტრაცია. ომის პარტია უნდა იყოს ბორდს მიღმა და ისინი დარჩნენ ბორდს მიღმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, 14 აპრილს, ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრიანაში წამსვლელ დელეგაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ჩვენი პოზიციაა, რომ თუ ოპოზიციური დელეგაცია გადაწყვეტს ჩავიდეს უკრაინაში და ესეც იგეგმება, ჩვენ ვიქნებით ამ დელეგაციის შემადგენელი ნაწილი, ამ შემთხვევაში მართებული არ არის, ” ქართულ ოცნებასთან” ერთად დელეგაციაში წავსლა და მონაწილეობა, რადგან, ვფიქრობ, იმ წერილის შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილმა გაუგზავნა სეტფანჩუკს, ნიშანდობლივია ის, რომ ეს მათ დამოკიდებულებას არ შეცვლის.

მე არავის მიწვევა არ მჭირდება, უკრაინაში რომ ჩავიდე, ჩემთვის უკრაინა არ არის ის, რომელ დელეგაციაში ვიქნები, უკრაინა არის გაცილებით დიდი, ვიდრე რაიმე სახის დაპირისპირება, თუნდაც შიდა ოპოზიციას შორის. ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომ ოპოზიცია უნდა ჩასულიყო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ მზად იყო, უკრაინაში წამსვლელ საპარლამენტო დელეგაციაში შესულიყო პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი, გუშინ, 13 აპრილს, გვიან ღამით „იმედის“ ეთერში გახდა ცნობილი.

მანამდე უკრაინაში წამსვლელი დელეგაციის შემადგენლობაზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო კონსულტაციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ დელეგაციაში ოპოზიციას მხოლოდ სამ ადგილს სთავაზობდა, რაზეც ოპოზიცია არ თანხმდებოდა.

კონსულტაციების შემდეგ ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ოპოზიცია უკრაინაში ცალკე ვიზიტით წავა.

დეკანოიძის ამ განცხადების შემდეგ, გუშინ საღამოს განცხადება გაავრცელა „ლელომ“, რომ მათი პარტიის წარმომადგენელი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტში.

ამ განცხადებების შემდეგ კი მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ რადგან საკითხი „რაოდენობამდე დავიდა“, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, ყველა ოპოზიციური ჯგუფისთვის დელეგაციაში თითო ადგილი შეეთავაზებინათ.