ახალი ამბები

ჩემი 12 წლის შვილის სიკვდილს შევესწარი, შემდეგ ტყვედ ჩავვარდი – უკრაინელი ქალი

11 აპრილი, 2022 •
ჩემი 12 წლის შვილის სიკვდილს შევესწარი, შემდეგ ტყვედ ჩავვარდი – უკრაინელი ქალი

ვიქტორია კოვალენკო ოჯახთან ერთად ქალაქ ჩერნიჰივს ტოვებდა მაშინ, როდესაც მანქანას რუსული ჭურვი მოხვდა – ადგილზე დაიღუპნენ ქალის 12 წლის შვილი და ქმარი. კოვალენკომ თავისი ისტორია BBC-ის მოუყვა.

ყველაფერი მოხდა მაშინ, როდესაც ჩერნიჰივის გარეუბანთან ოჯახს გზა ჩახერგილი დახვდა. მალევე დაიწყო სროლა. სროლისას ვიქტორია დაშავდა, რის გამოც მისი 12 წლის შვილი ვერონიკა აღელდა, ყვირილი დაიწყო და მანქანიდან გადმოვიდა.

„მისი დაწყნარება ვცადე. მანქანიდან რომ გადმოვიდა, გავყევი. მანქანიდან გამოსვლისას კი შევნიშნე, რომ დაეცა. როდესაც შევხედე, მას თავი აღარ ჰქონდა.“

ვიქტორია იხსენებს, რომ შეძლებისდაგვარად სცადა დაწყნარება, რადგან მას ხელში ჩვილი ეკავა – „უნდა გადამერჩინა“. ქალს თავისი ქმარი ცოცხალი აღარ უნახავს, ისიც ადგილზე დაიღუპა. თავად დედა კი ჩვილ შვილთან ერთად ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გაიქცა.

ვიქტორია კოვალენკოს შვილი ვერონიკა. ფოტო: BBC/კოვალენკოს ოჯახი

ვიქტორია კოვალენკომ სროლის ქვეშ საბოლოოდ თავი ერთ-ერთ შენობას შეაფარა, რომელიც რუსმა სამხედროებმა იპოვეს. შენობაში მყოფი ხალხი ტყვედ აიყვანეს და ახლომდებარე სკოლის სარდაფში ჩაიყვანეს. ვიქტორია იხსენებს, რომ ოთახში არაადამიანური პირობები იყო – ხალხი, რომელსაც მედიკამენტური დახმარება სჭირდებოდა, ადგილზე იხოცებოდა.

მათ არ ჰქონდათ სარდაფის დატოვების უფლება, საპირფარეშოსთვის კი რუსმა სამხედროებმა ადამიანებს სათლები მისცეს. სუნში, სიმჭიდროვესა და ჩახუთულობაში ვიქტორიას მოუწია შვილის გარდაცვალების გაანალიზება. მან მოახერხა მამამთილთან დაკავშირება, რომელმაც ძლივს ამოიცნო ცხედარი.

ვიქტორია კოვალენკოს ოჯახის მანქანა. ფოტო:BBC/კოვალენკოს ოჯახი

„12 მარტს დამირეკეს, მითხრეს, წამოდი, უნდა განახოთ, სად წვანანო,“ – ამბობს ვიქტორია და იხსენებს, რომ ტყეში ორ პატარა საფლავთან მიიყვანეს. „დავიწყეთ კუბოებისთვის მიწის მიყრა, თუმცა მალევე დაიწყო დაბომბვა და ადგილის დატოვება მოგვიწია“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ეტყოდა ადამიანებს, ვინც მას ოჯახი დაუხოცა, ვიქტორია კოვალენკო პასუხობს:

„შესაძლებლობა რომ მქონდეს, პუტინს ვესროდი. ხელი არ ამიკანკალდებოდა“.

ამჟამად ვიქტორია და მისი პატარა შვილი ლვოვში იმყოფებიან. ისინი უსაფრთხოდ არიან. BBC წერს, რომ ქალს ინტერვიუს დროს ხელში პატარა ბრელოკი ეჭირა, რომელზეც პატარა ბეჭედი ეკიდა – ეს მისი გარდაცვლილი შვილის საჩუქარი იყო.

„ეკლესიიდან მოიტანა, მეც მიყიდა. ეს ამულეტია. ვგრძნობ, რომ მან გადამარჩინა. მთელი ეს პერიოდი ჯიბეში მედო და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი შვილი მიცავდა.“

მთავარი ფოტო: BBC


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც უკრაინელებმა რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქები გაათავისუფლეს. კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ბუჩაზე უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. ქალაქში შესულ ჟურნალისტებს და სამხედროებს ქუჩებში ასობით მოკლული ადამიანის ცხედარი დახვდათ. მათ ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული.

მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობას შორის იყვნენ ქალები და ბავშვებიც. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობების ფაქტი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში.

გარდა მსხვერპლისა, უკრაინული მხარე საუბრობს ასევე მოქალაქეთა წამებისა და გაუპატიურების შემთხვევებზე – მათ შორის, არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი