ახალი ამბები

ზელენსკის EU-ში წევრობის განაცხადთან დაკავშირებით შესავსები კითხვარი გადასცეს

9 აპრილი, 2022 • 2050
ზელენსკის EU-ში წევრობის განაცხადთან დაკავშირებით შესავსები კითხვარი გადასცეს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლეიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 8 აპრილს კიევში გადასცა კითხვარი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეავსოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ. ეს არის შემდგომი პროცედურული ნაბიჯი წევრობაზე განაცხადის შემდეგ.

ერთობლივ ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას და ის პასუხს მიიღებს არა წლების, არამედ „რამდენიმე კვირის“ განმავლობაში.

„ძვირფასო ვოლოდიმირ, ჩემი გზავნილი ნათელია: უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ჩვენ თქვენი მოთხოვნა გავიგეთ, ხმამაღლა, მკაფიოდ. და დღეს ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ გადმოგცეთ პირველი პოზიტიური პასუხი. ამ კონვერტში, ძვირფასო ვოლოდიმირ, მოთავსებულია მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობის გზაზე.

ეს კითხვარი არის საფუძველი ჩვენი დისკუსიებისა მომდევნო თვეების განმავლობაში. ეს არის ის, საიდანაც იწყება თქვენი გზა ვეროპის კავშირისკენ. ჩვენ კვირაში 7 დღის განმავლობაში, დღეში 24 საათი ვიქნებით თქვენს განკარგულებაში, რათა ვიმუშაოთ ამ საერთო საბაზისო დოკუმენტზე“, — ურსულა ფონ დერ ლეიენმა ამ სიტყვებით გადასცა კითხვარი ზელენსკის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ შესაბამისი კითხვარი ერთ კვირაში იქნება შევსებული.

უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი დაჩქარებულად, მას შემდეგ შეიტანა, რაც რუსეთი შეიჭრა 24 თებერვალს. უკრაინის შემდეგ წევრობაზე განაცხადი საქართველომ და მოლდოვამაც გააკეთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი