უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ თუ რუსეთი ხარკოვზე შეტევას გადაწყვეტს, ეს შეუსრულებელი მისია იქნება, რადგან ოკუპანტები ვერ მოახერხებენ უკრაინის სიდიდის #2 ქალაქის აღებას.

ამის შესახებ არესტოვიჩმა Youtube-ზე, ფეიგინ ლაივის არხზე ჩართვისას განაცხადა, სადაც მას რუსმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა ჰკითხა, კიევის მიმართულებიდან გასვლის შემდეგ, დონბასზე შეტევის პარალელურად, ხომ არ არის მოსალოდნელი, პუტინმა ხარკოვის აღება გადაწყვიტოს უკრაინაში ომის “გამარჯვებად” გასაღებისთვის.

არესტოვიჩის თქმით, შეუძლია წარმოიდგინოს ხარკოვზე შეტევა, მაგრამ აღებული ხარკოვის წარმოდგენა არ შეუძლია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ომის პირველ ფაზაში ეს ვერ მოახერხეს რუსეთის ყველაზე ელიტარულმა დანყოფებმაც კი. გადაჯგუფების შემდეგ კი, არესტოვიჩის შეფასებით, უკრაინას გარკვეულ მიმართულებებზე რუსეთის არმია უტევს “სბორნაია სალიანკით“.

“მე ვიმყოფები ქვეყნის ყველაზე ინფორმირებულ ადგილას და ასევე შემიძლია გავაანალიზო ინფორმაცია. იმედი მაქვს, ჩემი პროფესიონალიზმი ამ მხრივ ეჭვქვეშ არ დგას. მე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული ადამიანი უკრაინაში, ოფიციალურად ვაცხადებ, ხარკოვს ვერანაირად ვერ აიღებენ, ეს შეუძლებელი მისიაა. ხარკოვი ახლა თავის დასაცავად უფრო მზადაა, ვიდრე მაშინ, როდესაც რუსეთის არმიის უზარმაზარი და ელიტარული დანაყოფები უტევდნენ და ვერ აიღეს. ახლა, როცა ხარკოვი ასჯერ უკეთაა მზად თავდაცვისთვის, აქვს საბრძოლო გამოცდილება, იცის საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები და აღარაა ზეწოლა კიევის, სუმისა და ჩერნიგოვის მიმართულებებიდან…  მე გეტყვით, რა იქნება ხარკოვთან დაკავშირებით, ქალაქს კვლავაც ბომბავენ და გააგრძელებენმის დაბომბვას. შეიძლება შეუტიონ კიდეც, რადგან თუ ამ ბრძანებას პუტინისგან მიიღებენ, გენერლები მას შეასრულებენ”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებიდან გასვლის შემდეგ რუსეთის არმია უკრაინას აღმოსავლეთში (დონბასი) და სამხრეთში უტევს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 18 900 ადამიანი
  • ტანკი – 698 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 891 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 332 ერთეული
  • MLRS – 108 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 55 ერთეული
  • თვითმფრინავი – 150 ერთეული
  • ვერტმფრენი – 135 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 358 ერთეული
  • გემი/ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 111
  • სპეციალური აღჭურვილობა – 25
  • მობილური SRBM სისტემა – 4