ახალი ამბები

სენატმა უკრაინის დახმარების პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ჰიტლერის წინააღმდეგ გამოიყენეს

7 აპრილი, 2022 • 8673
სენატმა უკრაინის დახმარების პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ჰიტლერის წინააღმდეგ გამოიყენეს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად მიიღო კანონი, რომლის მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის წინააღმდეგ გამოიყენეს. ეს კანონი პრეზიდენტ ბაიდენს გაუმარტივებს უკრაინაში იარაღისა და სხვა მარაგების გაგზავნას. მოსალოდნელია, რომ აღნიშნულმა დახმარებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში.

პროგრამა, რომელიც Lend-Lease-ის სახელითაა ცნობილი, მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და გარდამტეხი იყო კონფლიქტის მიმდინარეობისთვის. 1939 წელს, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ პოლონეთში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ იზოლაციონისტურ პოლიტიკას ინარჩუნებდა და უარს ამბობდა ომში ჩართვაზე.

უკვე 1940 წელს, მაშინ, როცა ნაცისტებმა საფრანგეთი დაიპყრეს და ჰიტლერის გერმანიას, ფაქტობრივად, მარტო ებრძოდა დიდი ბრიტანეთი, ქვეყნის პრემიერმა უინსტონ ჩერჩილმა დიდი სამხედრო დანაკარგების გამო აშშ-ის პრეზიდენტ რუზველტს სამხედრო დახმარება სთხოვა. რუზველტმა კონგრესს 1940 წლის მიწურულს წარუდგინა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა. მან ამერიკელი კანონმდებლების დარწმუნება შეძლო, რომ ევროპაში ნაცისტური გერმანიის გამარჯვება ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნიდა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც.

რამდენიმეთვიანი განხილვების შემდეგ, 1941 წლის მარტში, რუზველტმა უკვე ხელი მოაწერა Lend-Lease-ის სახელით ცნობილ დოკუმენტს. აღნიშნულმა დოკუმენტმა აშშ-ის პრეზიდენტს მისცა საშუალება, დიდი ბრიტანეთისთვის ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, სწრაფად მიეწოდებინა სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება, აღჭურვილობა, საბრძოლო მასალები, საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და ასევე, გზის სამშენებლო ტექნიკაც კი. ფორმალურად, Lend-Lease გულისხმობს ხანგრძლივი ვადით, ლიზინგის საფუძველზე დახმარების გაწევას, მაგრამ რეალურად, აღნიშნულს საჩუქრის ფორმა აქვს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთს 1941 წელს სამხედრო ტექნიკა 99-წლიანი ლიზინგით გადასცეს, რადგან იმ მომენტისთვის ომში მყოფ ქვეყანას მის შესაძენად საკმარისი რესურსები არ ჰქონდა. აშშ ამ დოკუმენტის საფუძველზე მოკავშირეებს 1945 წლამდე ეხმარებოდა.

ამერიკული გამოცემა Politico აღნიშნავს, რომ Lend-Lease Act-ის მიღება არის არაორდინალური ტაქტიკა, რომელიც აშშ-ის კანონმდებლებმა ბოლოს გამოიყენეს მე-20 საუკუნის გლობალური კონფლიქტის დროს, თავის მხრივ კი, ეს სიგნალია, რომ აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებს სჯერათ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა ლიბერალური წესრიგისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა.

Politico ხაზს უსვამს, რომ ეს ასევე მიანიშნებს დასავლეთის რწმენაზე, რომ უკრაინას შეუძლია რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ გამარჯვება. რაც შეეხება პროგრამის ამოქმედების საჭიროებას, გამოცემა აღნიშნავს, რომ პროცესი დააჩქარა ბოლო დღეებში რუსეთის მიერ გამოჩენილმა სისასტიკემ, მათ შორის, ხოცვა-ჟლეტამ ბუჩაში.

ახლა კანონი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც უნდა მიიღოს, რის შემდეგაც დოკუმენტს პრეზიდენტი დაამტკიცებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ტიპის სამხედრო დახმარება შეიძლება მიიღოს უკრაინამ მას შემდეგ, რაც Lend-Lease Act საბოლოოდ შევა ძალაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი