ბრიუსელმა ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენლების პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადების მიზეზი მათი საქმიანობაა, რომელიც დიპლომატიურ სტატუსს ეწინააღმდეგება.
ბორელის თქმით, რუსეთის უკანონო და დამაზიანებელი ქმედებები, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და ცალკეული წევრი ქვეყნების ინტერესებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ, ასევე, არის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევა, ევროკავშირისგან უპასუხოდ არ დარჩება.
რუსეთის წარმომადგენლებს გაუუქმდებათ პრივილეგიები და იმუნიტეტები და მოეთხოვებათ ბელგიის ტერიტორიის დატოვება.
გადაწყვეტილება ევროკავშირმა მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქების გათავისუფლების შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე გახდა ცნობილი, მათ შორის, ბუჩას ხოცვა-ჟლეტვაზე.








