ჩვენი თანამშრომლობა გააძლიერებს ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობას – დარჩიაშვილი კულებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას პასუხობს და ამბობს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის.

„მადლობა კეთილი სურვილებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის საერთო წარმატებების მიღწევასა და გამოწვევების დაძლევაში. ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელ ხალხს მათი ქვეყნისა და ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ“, – წერს დარჩიაშვილი.

Thank you @DmytroKuleba for kind wishes. I’m confident, our fruitful coop will further strengthen friendship between 🇺🇦&🇬🇪 people in achieving common successes& overcoming challenges. Our strong support& solidarity with🇺🇦 people in the struggle for their country& values we share. https://t.co/1Tj8gx1KJQ

— Ilia Darchiashvili (@iliadarch) April 5, 2022

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გამოეხმაურა საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილის დანიშვნას და აღნიშნა, რომ მასთან თანამშრომლობას ელის.

ამასთან, კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს მხარდაჭერის იმედი აქვს.


გუშინ, 4 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დავით ზალკალიანის ნაცვლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. დარჩიაშვილი მანამდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა და პირველ მარტს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა უკრაინის კრიზისს, გაუგებარი უწოდა საქართველოდან ელჩის გაწვევას და ისაუბრა დესტრუქციული ძალების მიერ საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობების შესახებ.

მისი თქმით, საქართველოს მკაფიო პოზიციაა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება.