გვჭირდება მკაფიო განცხადება, სად დგას საქართველოს მთავრობა – გალერი

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ეხმაურება უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს შესახებ, რომლის თანახმადაც რუსეთი სანქცირებული პროდუქტის ქვეყანაში შეტანას საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით გეგმავს, საქართველოს “პოლიტიკური ხელმძღვანელობა” კი ამას ხელს აფარებს:

“ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო განცხადება საქართველოს მთავრობისგან, თუ სად დგანან ისინი: ევროკავშირთან და უკრაინასთან თუ პუტინის რეჟიმთან ფარულად. კიდევ ვიმედოვნებ, რომ ისინი ჩვენთან დგანან. იმედი მაქვს, არასწორია ბრალდება სანქციების გვერდის ავლის შესახებ”, – წერს გალერი Twiiter-ზე.

რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების შესახებ ინფორმაცია დღეს, 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა.

“საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის დიდი ასორტიმენტის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების თავიდან არიდების მიზნით, რუსეთის აგენტები კონტრაბანდულ არხებს ქმნიან, რომელიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში”, – აღნიშნავდა სამმართველო განცხადებაში.

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც და უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება“ უწოდა.