ახალი ამბები

მდინარაძის თქმით, სააკაშვილმა უკრაინიდან ომს გამოასწრო

1 აპრილი, 2022 • 1747
მდინარაძის თქმით, სააკაშვილმა უკრაინიდან ომს გამოასწრო

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკშვილს უკრაინაში ომის დაწყების მოლოდინი ჰქონდა და ამიტომ საქართველოში „გამოასწრო“.

მდინარაძის თქმით, იმ ვერსიას, რომ სააკაშვილმა „რაღაცას გამოასწრო“, ისიც ამყარებს, რომ საქართველოში ჩამოსვლა „ვერ გაბედა“ ადგილობრივ არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანი – საპარლამენტო არჩევნების დროს.

„ის, რაზეც ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ თითქოს ეს შეთქმულების თეორიას ჰგავდა, დღეს ხომ დადასტურდა მისივე წამოცდენით, როდესაც თქვა, ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ეს მომენტი დადგებოდა და დადგა. რა მომენტზე საუბრობს? რა იცოდა მან, რისთვის ჩამოდიოდა. მე პირადად დარწმუნებული ვარ, მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება, და მან უკრაინიდან გამოასწრო და გამოასწრო იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო. საქართველოში არეულობა მისი ხელშეწყობით შესაძლებელია გადაზრდილიყო იმაში, რასაც დღეს გავერიდეთ და არ დავუშვით.

სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ვგრძნობდი, ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგა და რადგან დადგა, მისი სურვილია, რომ საქართველო იქნებ ომში ჩაებას. არ ერთვება ჩვენი ქვეყანა ომში, არ დაუშვებს თავისი მოქალაქეების დახოცვას და არ დაუშვებს, რომ ამ ქვეყანას გამოუსწორებელი და კატასტროფული ზიანი მიადგეს”, – თქვა მდინარაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი კი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი