ახალი ამბები

როდესაც გაიზრდება, მიხვდება, როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველებზე – კახაძე ზელენსკიზე

1 აპრილი, 2022 • 4351
როდესაც გაიზრდება, მიხვდება, როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველებზე – კახაძე ზელენსკიზე

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი განცხადებებით საქართველოს ხელისუფლებას „გადაუარა“. ამის შესახებ კახაძემ „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში, „ჩაი მაკა რაზმაძესთან ერთად“, განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ზელენსკის „ასაკი მოემატება“, მიხვდება, რაც საქართველოს ხელისუფლების მისამართით თქვა.

„როდესაც ის[ზელენსკი] გაიზრდება და ასაკი მოემატება, მერე მიხვდება, როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველების მიმართ. ხელისუფალს ამ წუთას, იმ მილიონ ადამიანთან ერთად, რომელსაც ხმა აქვს მიცემული, გადაგვიარა. ეს კიდევ ერთხელ, არ მინდა ახლა შეფასებით ნაწილში შევიდე, წამომცდა და ბოდიში მაყურებელს, ბოდიში უკრაინელებს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.


28 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ქართველ ხალხს მხარდასაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ „არის ხოლმე დრო, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ მასზე უკეთესია“.

თუმცა პირველ მარტს  ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის, იგორ დოლგოვის [კონსულტაციებისთვის] გაწვევის შესახებ  განაცხადა და მიზეზად დაასახელა ქართული მხარის მიერ „მოხალისეების არგაშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია“. ამის მიუხედავად, დოლგოვი თბილისში დარჩა, სელჩოში განმარტეს, რომ ‘თანამედროვე პირობებში კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში”.

30 მარტს კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „საქართველოდან ელჩი დაბრუნებულია“. საქართველოში უკრაინის საელჩოში ჯერჯერობით განმარტებას ვერ აკეთებენ, გუშინდელი გადაწყვეტილებით ზელენსკიმ თანამდებობიდან მოხსნა ელჩი დოლგოვი თუ  კონსულტაციებისთვისაა გაწვეული. დოლგოვი ამჟამად თბილისში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი