ახალი ამბები

საქართველოში UK-ის შეიარაღებული ძალების მინისტრის ვიზიტი გაიმართა

30 მარტი, 2022 • 1268
საქართველოში UK-ის შეიარაღებული ძალების მინისტრის ვიზიტი გაიმართა

გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს,  სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ასევე, გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი.

„დღეს ვიმყოფები საქართველოში, უკრაინასთან ძალიან ახალოს, იმ დროს, როდესაც თავისუფალი ქვეყნის სუვერენიტეტი უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. ყველა, ვისაც გვჯერა დემოკრატიის და თავისუფლების, ვალდებული ვართ, ერთად დავდგეთ და შევეწინააღმდეგოთ რუსეთის შემაძრწუნებელ ქმედებებს და უზრუნველვყოთ, რომ მთლიანად ეს რეგიონი არის ადგილი, სადაც პატივს სცემენ თავისუფლებას და სუვერენიტეტს, სადაც რუსეთის ქმედებებს აქტიურად გმობენ“, — განაცხადა ჯეიმს ჰიპმა.

გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირთა მემორიალი. ფოტო: UK-ის თავდაცვის სამინისტროს გვერდი Twitter-ზე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებები და შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის საკითხზე ისაუბრეს მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრაზეც. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და აუცილებელი რეფორმების გატარებას, მათ შორის, საწვრთნელი შესაძლებლობების გაძლიერებას. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს ალიანსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდული გამოწვევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტებიც მიმოიხილეს, მათ შორის, უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატი. ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანელი კოლეგა, თავდაცვის მდივანი ბენ უოლასი საქართველოში მოიწვია.

გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრის ვიზიტი საქართველოში 29 მარტს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი