ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 2023 წლის მოთხოვნილი ბიუჯეტის თანახმად, რომელიც კონგრესს დასამტკიცებლად გაეგზავნა, საქართველოს დაახლოებით $126 მილიონს გამოუყოფენ.
ეს თანხა განკუთვნილია სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად.
2023 წელს ვაშინგტონი საქართველოს სამხედრო განათლებისთვისა და წვრთნებისთვის 1 750 000 აშშ დოლარს გამოუყოფს, რაც ნაკლებია 2022 წლის მონაცემზე – 2 200 000 აშშ დოლარი.
სამხედრო მხარდაჭერის კუთხით, აშშ საქართველოს 25 მილიონი აშშ დოლარის მხარდაჭერას გაუწევს, რაც იგივეა, რაც 2022 წელს გაღებული დახმარება, თუმცა თითქმის 10 მილიონით ნაკლებია 2021 წლის ბიუჯეტთან შედარებით.
თბილისი დაახლოებით 2 100 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს ტერორიზმთან საბრძოლველად, განნაღმვითი სამუშაოებისა და ბირთვული გაუვრცელებლობისთვის.
საქართველო დაახლოებით 88 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის რაოდენობა იგივეა, რაც 2021-2022 წლებში. ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლია, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს.
ჯანდაცვის მიმართულებით, 2023 წელს, ვაშინგტონი ქვეყნისთვის გამოყოფს 5 მილიონ აშშ დოლარს.