ახალი ამბები

კობახიძე დანილოვის განცხადებას უკრაინაში ენმ-ის წევრების ვიზიტს უკავშირებს

28 მარტი, 2022 • 1541
კობახიძე დანილოვის განცხადებას უკრაინაში ენმ-ის წევრების ვიზიტს უკავშირებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ოლეკსი დანილოვის განცხადებას უკავშირებს უკრაინაში ენმ-ის წევრების ვიზიტს.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ოლეკსი დანილოვის აზრით, რუსეთის ინტერესების სფეროებში დამატებითი ფრონტების გახსნა დაეხმარებოდა უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად.

ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ენმ-ის უმთავრესი მიზანია უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

„რამდენიმე დღის წინ შედგა „ომის პარტიის“ – ნაციონალური მოძრაობის მორიგი ვიზიტი უკრაინაში. როგორც გაირკვა, ვიზიტმა „წარმატებით“ ჩაიარა, რადგან მისი დასრულებისთანავე, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო“, — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკის ერთგული რჩება და „წინ აღუდგება ყველა პროვოკაციას, რომელიც აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ახალი სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას ისახავს მიზნად“.

როგორც კობახიძე ამბობს, თუ არსებული მძიმე ვითარება ქმნის რაიმე შესაძლებლობის ფანჯარას, ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის გამწვავებულ სოციალურ პრობლემებთან გასამკლავებლად დახმარების ხელის გაწოდებაა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი ომი აფხაზეთსა და ცხინვალში იქნება არა მხოლოდ ომი ქართველებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, არამედ, ასევე, ომი ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. ახალი ძმათამკვლელი ომი იქნება უდიდესი, უპატიებელი დანაშაული ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე, რასაც ჩვენ აღარ დავუშვებთ“, – განაცხადა კობახიძემ.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 150 ბავშვი. 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი, მათგან 3.7 მილიონმა ქვეყანა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი