ახალი ამბები

საქართველოში ოპოზიციაში მყოფი ადამიანიები, უკრაინაში ხელისუფლებაში არიან – კობახიძე

25 მარტი, 2022 • 3638
საქართველოში ოპოზიციაში მყოფი ადამიანიები, უკრაინაში ხელისუფლებაში არიან – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში ოპოზიციაში მყოფი ადამიანები უკრაინაში ხელისუფლებაში არიან. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

კობახიძის თქმით, ასეთი „სამწუხარო“ მოცემულობა პრობლემებს ქმნის უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობაში.

„სამწუხაროდ, გვაქვს რთული მოცემულობა, იმის გათვალისწინებით, რომ ელჩი არის გაწვეული. ეს არის მთავარი ასპექტი ამ კუთხით, ანუ კონკრეტული დემარში განხორციელდა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იყო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სიღრმისეული განსჯის საფუძველზე იქნა მიღებული.

გვაქვს სამწუხარო და ძალიან უცნაური მოცემულობა, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არიან, უკრაინაში ხელისუფლებაში არიან. ეს არის ძალიან უცნაური მოცემულობა, ალბათ, უნიკალური მსოფლიოს ისტორიაში.

ჩვენთვის განსაკუთრებით სამწუხარო ის არის, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში არიან იმ ქვეყანაში, რომელიც არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რომელიც დღეს არის ძალიან რთულ ვითარებაში. ჩვენთვის ეს არის ძალიან სამწუხარო და კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ეს მოცემულობა ქმნის კონკრეტულ პრობლემებს, რაც განსაკუთრებით გამოიხატა ელჩის გაწვევაში“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წინა ხელისუფლების წევრები დღეს უკრაინაში თანამდებობის პირები არიან, ეს „ქართული ოცნებისთვის“ მეორეხარისხოვანი ფაქტორია და უკრაინის მიმართს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„ამ რთული მოცემულობის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი, მთავარი კრიმინალი წინა ხელისუფლების და მოქმედი ოპოზიციის, დღესაც არის უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე; მიუხედავად იმისა, რომ იმ რეჟიმის ერთერთი მთავარი კრიმინალი ადეიშვილი ახლაც არის გენპროკურორის მრჩეველი, გია ლორთქიფანიძეც და ა.შ, არახამიაც არის მათი გუნდის ერთერთი წევრი და უშუალოდ დაახლოებული პირი პრეზიდენტთან.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გვავქს ერთადერთი მყარი პოზიცია, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის აგრესიის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება ურყევი. ჩვენ ვდგავართ მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით და სადაც კი საჭირო იყო პოლიტიკური თანადგომა, ყველგან ძალიან მყარი პოლიტიკური პოზიცია დავაფიქსირეთ.

ვერავითარი ელჩის გაწვევა, სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები ჩვენს ამ დამოკიდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს. იმიტომ, რომ ქართველებსა და უკრაინელებს აკავშირებთ საუკუნოვანი მეგობრობა, ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ საუკუნოვანი მეგობრობა და ეს ყველაზე ფასეულია“, – განაცხადა კობახიძემ.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა  გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

უკრაინა და რუსეთს შორის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარეკებელია ასევე წარმოშობით ქართველი დავით არახამია, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი