ახალი ამბები

„დღეს გამოვჩნდი საზოგადოებასთან“ — ღარიბაშვილის განმარტება დაგვიანებულ სამძიმარზე

21 მარტი, 2022 • 2303
„დღეს გამოვჩნდი საზოგადოებასთან“ — ღარიბაშვილის განმარტება დაგვიანებულ სამძიმარზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისეების ოჯახებს.

„რუსეთის აგრესია უკრაინაში კიდევ ერთხელ უნდა დავგმოთ ყველამ ერთად და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დასრულდეს ომი. აქვე მინდა, ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს. სამი ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს. ზოგიერთი მათგანი, ჩემი ინფორმაციით, იბრძოდნენ ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, აგვსიტოს ომში… სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოხდეს მათი გადმოსვენება საქართველოში. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს. ვუერთდები მსოფლიო ლიდერების მოწოდებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ — თითოეული ჩვენი მოქალაქე ჩვენთვის, ყველასთის არის ძალიან ძვირფასი. ამიტომ შეგვიძლია, როგორც გამოვხატეთ მთელმა ქვეყანამ სოლიდარობა, ასობით ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ, უპრეცედენტო მხარდაჭერა იყო, საჭიროა, რომ ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა“, — განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე.

ორი ქართველი მებრძოლი — გია ბერიაშვილი და დავით რატიანი — უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში 17 მარტს დაიღუპნენ, ბახვა ჩიქობავა კი — 19 მარტს.

კითხვაზე, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ გამოუცხადა სამძიმარი მათ ოჯახებს, პრემიერმა უპასუხა:

„დღეს გამოვჩნდი საზოგადოებასთან და როცა მომეცა საშუალება, მაშინ გამოვხატე ჩემი პოზიცია“, — თქვა მან.

კითხვაზე, უნდა მიენიჭოს თუ არა დაღუპულებს ეროვნული გმირის სტატუსი, ირაკლი ღარიბაშვილის აცხადებს, რომ მსგავს საკითხებს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ და ყველას მოუწოდებს, თავი დაანებონ გარდაცვლილი ბიჭების სახელით მანიპულირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი