მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეები ყიდულობენ მიკოლაევის ზოოპარკის ბილეთებს, რათა შემოსული თანხა ცხოველების გადარჩენას მოხმარდეს. მარტისა და აპრილის ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია.
ომის გამო ამჟამად მიკოლაევის ზოოპარკი არ მუშაობს. შეფერხებულია საკვებისა და პირველადი აუცილებლობის სხვა ნივთების მიწოდება.
მიკოლაევი ერთ-ერთია უკრაინის იმ ქალაქებს შორის, რომელიც რუსეთმა დაბომბა. თავდასხმის დროს რამდენიმე ჭურვი უშუალოდ ზოოპარკსაც მოხვდა. როგორც მისი დირექტორი ვლადიმერ ტოპჩი ამბობს, ამის მიუხედავად, ცხოველები ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან.
„ჩვენ, ფაქტობრივად, ნახევრად ალყაში ვართ. ხერსონის მხრიდან დგანან ორკები, კიევისკენ გზა კი სრულად დაკეტილია. დღესდღეობით გზა ღიაა მხოლოდ ოდესის მიმართულებით და ისიც მაშინ, როდესაც ხიდები ფუნქციონირებს. ზოოპარკის თანაშრომლებიდან 8 ფრონტზეა, ბევრი წავიდა. ბევრი თანამშრომელი რჩება, ისინი ზოოპარკში ცხოვრობენ“, – უთხრა ტოპჩიმ „ამერიკის ხმას“.
ტოპჩი ამბობს, რომ დახმარება სჭირდება არა მხოლოდ მიკოლაევის, არამედ უკრაინის მასშტაბით ყველა ზოოპარკს. ის დასძენს, რომ მაგალითად, კიევთან მყოფ ზოოპარკს არც შუქი აქვს და არ წყალი, ცხოველები კი შიმშილით იხოცებიან.
ის აცხადებს, რომ უდიდესი მხარდაჭერა იგრძნო როგორც მიკოლაევის მცხოვრებლებისგან, ასევე მოხალისეებისგან და უცხოეთში მცხოვრები მისი კოლეგებისგან – „მოდიან მოხუცებული მოქალაქეებიც, რომლებსაც ეტყობათ, რომ მდიდრები არ არიან და მოაქვთ ხილი, ბოსტნეული..“
მიკოლაევის ზოოპარკი უკრაინაში ყველაზე დიდია – ის 18.5 ჰექტარზეა გაშენებული. ოფიციალური საიტის თანახმად, აქ ცხოვრობს ათასობით ჯიშის ცხოველი და ფრინველი, მათ შორის, განსაკუთრებულად იშვიათი.