ახალი ამბები

დაზუსტებული ფაქტები არ გვაქვს – გომელაური ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ძალების გასვლაზე

17 მარტი, 2022 •
დაზუსტებული ფაქტები არ გვაქვს – გომელაური ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ძალების გასვლაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს, გაჰყავს თუ არა რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალები.

„ამაზე საუბარი… მე არ ვთვლი, რომ ღია ეთერში (არ) უნდა ვისაუბროთ. თუ რა ტექნიკა შემოდის და გაჰყავთ, არის ოპერატიული ინფორმაცია, დაზუსტებული ფაქტები არავის აქვს და ვერავინ დაგვიდასტურებს, აქედან გამომდინარე ამაზე საუბარი არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის კითხვაზე საპასუხოდ.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ცხინვალის მეოთხე რუსულ ბაზაზე განთავსებულ სამხედრო ტექნიკასა და კონტრაქტით მომუშავე სამხედრო პირებს უკრაინაში გზავნიან.

უკრაინაში სამხედროთა გამგზავრების შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ოპოზიცია და ადგილობრივი მოსახლეობა ამას ადასტურებს.

“ჩვენი ბიჭები უკრაინაში მიდიან იმ ნაცისტების დასასრულებლად, რომლებიც საკუთარ ხალხს ატერორებენ. მათ ძლიერი მოტივაცია აქვთ. ბევრს გავესაუბრე. ჩვენი ბიჭების გამო შური უნდა იძიონ”, –  ვრცელდება ედუარდ კოკოითის, ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტისა და ოპოზიციონერის სიტყვები სოციალურ ქსელებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი