ახალი ამბები

უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო – ზელენსკი კონგრესს

16 მარტი, 2022 •
უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო – ზელენსკი კონგრესს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებს და განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღება. ასევე, უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა.

„ჩვენი ქვეყნისა და ევროპისთვის ყველაზე ბნელ დროს მე მოგიწოდებთ, რომ უფრო მეტი გააკეთოთ. საჭიროა სანქციების ახალი პაკეტი, მუდმივად, ყოველ კვირას, სანამ რუსული სამხედრო მანქანა არ გაჩერდება. ყველასთვის, ვისაც რეჟიმი ეყრდნობა, შეზღუდვებია საჭირო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე განცხადებით, ყველა ამერიკულმა კომპანიამ უნდა დატოვოს რუსული ბაზარი.

„ყველა ამერიკულმა კომპანიამ უნდა დატოვოს რუსული ბაზარი დაუყოვნებლივ, რადგან ის ჩვენი სისხლითაა სავსე. ქალბატონებო და ბატონებო, თუ თქვენ გაქვთ  შტატებში ისეთი კომპანიები, რომლებიც რუსეთში დარჩენით აფინანსებენ რუსულ სამხედრო მანქანას, გთხოვთ, გაზარდოთ ზეწოლა. გთხოვთ, დარწმუნდით, რომ რუსები ვერ მიიღებენ ერთ პენსაც კი უკრაინელი ხალხის გასანადგურებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან კონგრესში უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესახებაც ისაუბრა.

მისივე განცხადებით, საჭიროა „ახალი ინსტიტუტებისა და ალიანსების“ შექმნა ომის შესაჩერებლად.

„ჩვენ გთავაზობთ ახალი ასოციაციის, კავშირის შექმნას, იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომელთაც აქვთ ძალა და ცნობიერება კონფლიქტების დაუყონებლივ შესაჩერებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი