საქართველო რუსეთთან ომში რომ ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ? – ხუნდაძე ალტ-ინფოს

„ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე პრორუსულ „კონსერვატიულ პარტიას“ კითხვით მიმართავს, საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმის შემთხვევაში ვის მხარეს იბრძოლებენ.

ხუნდაძემ კითხვა დღეს, 15 მარტს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე დასვა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანას ერთიანობა ისე სჭირდება, როგორც არასდროს.

„არ შემიძლია, არ შევეხო ახლად დაფუძნებული „კონსერვატიული პარტიისა“ და მისი ტელევიზიის „ალტ-ინფოს“ ქმედებას და რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდას. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული უყურებს უკრაინის მოვლენებს, თუ როგორ ბომბავს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას, ერთი კითხვა მაქვს მათთან – ხვალ რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ? თუ ისევ დარჩებით საკუთარ ოფისებში?

საქართველოში სიტყვის თავისუფლებაც და პარტიული არჩევანი ხელშეუხებელია, მაგრამ რადგან ასეთი კითხვა საზოგადოებაშიც ჩნდება, ე.ი. ეს პრობლემაა. დღეს ერთობა, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ქვეყანას. ერთმანეთს თუ დავაზიანებთ, მტერი აუცილებლად გაიმარჯვებს. თუ სადმე სიფრთხილეა საჭირო, უნდა ვიფრთხილოთ, მაგრამ თუ მეტია გასაკეთებელი, მგონია, რომ ეს ასეა. არ უნდა დავაკლოთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.


უკრაიანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე „ალტ-ინფოს“ პარტია, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობა“ აცხადებს, რომ რუსეთში გეგმავს სრული შემადგენლობით ვიზიტს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე (კოკა) მორგოშია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ვიზიტი თვის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ „საომარმა ვითარებებმა სიტუაცია შეცვალა“.

„ალტ-ინფომ“ პოლიტიკური პარტია, „კონსერვატიული მოძრაობა“ 2021 წლის 20 ნოემბერს დააფუძნა.

მას შემდეგ, კოკა მორგოშიას თქმით, პარტიამ საქართველოს 62 ქალაქში გახსნა ოფისი, დღეიდან, 14 მარტიდან კი, თბილისში იწყებენ ოფისების გახსნას. მისი თქმით, „თბილისში მალე გვექნება 15-20 ოფისი, გარდა სათავო ოფისისა“.

„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა. აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუვლენია.