ახალი ამბები

მედიაკოალიცია იმედს იტოვებს, რომ სასამართლო გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს

9 მარტი, 2022 • 1146
მედიაკოალიცია იმედს იტოვებს, რომ სასამართლო გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებას ავრცელებს 9 მარტს დაგეგმილ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომელზეც ნიკა გვარამიას საქმე უნდა განიხილონ.

საუბარია 3 წლის წინ აღძრულ საქმეზე, რომლის ფარგლებშიც რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამჟამად კი „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, საქართველოს პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ქონების გაფლანგვას ედავება.

“შესაძლებელია, რომ სასამართლომ იმავე [9 მარტის] სხდომაზე განაჩენი გამოიტანოს. ქვეყანაში მედიის წარმომადგენელთა უფლებები სათანადოდ არ არის დაცული.

ამ ფონზე ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორის მიმართ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებით სერიოზული ზიანი მიადგება ერთ-ერთ წამყვან ოპოზიციურ მედიას და გამძაფრდება ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემო”, — დასძენს ორგანიზაცია.

კოალიცია ხაზს უსვამს, რომ გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდებების უმეტესობა მის მიერ 2015 წელს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორობისას მიღებულ მენეჯერულ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

“სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდების შეფასებისას განმარტა, რომ კომპანიის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არათუ სისხლის სამართლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება, ხოლო პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

“მედიის ადვოკატირებისთვის” ასევე ახსენებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ საქმის მასალების შესწავლას, რომელიც მივიდა დასკვნამდე, რომ არ დასტურდება გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებები.

“ნიკა გვარამიას ბრალდებასთან დაკავშირებული გარემოებების ჯეროვანი შეფასება მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ მისი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის, ისე სასამართლო პრაქტიკის შემდგომი განვითარებისათვის, რის გამოც იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო პოლიტიკური ჩარევისგან დამოუკიდებელ, კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მიიღებს”, — დასძენს კოალიცია.

ზემოხსენებულ საქმეზე კიდევ ორ პირს აქვს ბრალი წარდგენილი – რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორსა და დაკავშირებული კომპანიის, „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორს.

ბრალდება გვარამიას ოფიციალურად წარედგინა 2019 წლის ნოემბერში, თუმცა მანამდე ედავებოდნენ „საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას“.

გვარამია გამოძიებასა და ბრალდებებს თავიდანვე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი