ახალი ამბები

იმ ამოცანას, რაც ვიზების დაწესებით შეიძლება მიგვეღო, ისედაც ვაღწევთ – დავითაშვილი

7 მარტი, 2022 • 2223
იმ ამოცანას, რაც ვიზების დაწესებით შეიძლება მიგვეღო, ისედაც ვაღწევთ – დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თანახმად, საქართველოს მთავრობა არ განიხილავს რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე სახის სავიზო რეჟიმის დაწესებას.

ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქება დაიწყო 2010 წელს, წინა ხელისუფლების დროს, მას შემდეგ, რაც „საქართველომ განიცადა აგრესია, ოკუპაცია“, თუმცა ამბობს, რომ ესმის ამ გადაწყვეტილების:

„სურვილი იყო არა ის, რომ ჩვენ აგრესიისთვის მხარი დაგვეჭირა, – მაშინაც ბევრი რისკი არსებობდა, – არამედ ის, რომ ადამიანებს, ვისაც არ უნდა რეჟიმთან ერთად ცხოვრება, ვაჩვენოთ დემოკრატიული ქვეყანა და ჩვენი გახსნილობა“.

„ასე რომ, იგივე აზრზე ვართ – ადამიანებს მივცეთ საშუალება საქართველოში შემოსვლის, ოღონდ იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ პრობლემები კანონმდებლობასთან, არ არიან სანქცირებულები და არ წარმოადგენენ რისკს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მინისტრმა დავითაშვილმა.

„მიუხედავად რეჟიმისა, – სავიზოა, გამარტივებული სავიზოა, მოკლევადიანი სავიზოა თუ სხვა, – შინაგან საქმეთა სამინისტრო იგივენაირად ატარებს ყველა ფილტრს და აკონტროლებს [თუ ვინ შემოდის]. ასე რომ, იმ ამოცანას, რაც შეიძლება მიგვეღო ვიზების დაწესებით, ისედაც ვაღწევთ“, – განაცხადა მან.

დავითაშვილი ასევე აცხადებს, რომ თუკი ადამიანები, წარმოშობის მიუხედავად, „რეჟიმს გამოურბიან“, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ მათ საქმის ლეგალურად წარმოების საშუალება მისცეს.

ამასთან, იგი ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეები იმ რაოდენობით შემოდიან საქართველოში, როგორც პანდემიამდე შემოდიოდნენ და „საუბარი, რომ დიდი რაონოდებით საქართველოში ჩამოდიან და ეს რისკების შემცველია“, არასწორია.


მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსეთს სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს.

ქვეყნის დატოვების მსურველი არაერთი ადამიანი ბოლო ან დროებით გაჩერებად რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს ირჩევს.

გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი