რუსეთში სოციალური ქსელი Tiktok შეიზღუდა. როგორც კომპანია 6 მარტს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერს, ეს გადაწყვეტილება რუსეთის ახალი „ფეიკების საწინააღმდეგო“ კანონის გამო მიიღო.

რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც უკრაინის ომის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას კრძალავს, რომელიც არ შეესაბამება კრემლის ვერსიას. მათ შორის, არ შეიძლება ომისთვის „ომის“ წოდება, სანაცვლოდ, ის უნდა მოიხსენიონ, როგორც „სპეციალური ოპერაცია“. ასევე იკრძალება ჯარის შესახებ ნებისმიერი მადისკრედიტებელი ინფორმაციისა და „ყალბი ცნობების“ გავრცელება. ხოლო თუ რა შეიძლება „ყალბ ცნობად“ იქნეს მიჩნეული, ამას პროკურატურა გადაწყვეტს.

ამ კანონის დარღვევისთვის სასჯელი 15 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს.

„Tiktok არის პლატფორმა კრეატიულობისა და გართობისთვის, რომელიც, ომის პერიოდში – მაშინ, როდესაც ადამიანები უდიდეს ტრაგედიასა და იზოლაციას განიცდიან – ის შესაძლოა, იყოს სივრცე შვებისა და ადამიანური ურთიერთობებისთვის.

თუმცა, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებაა, რუსეთის „ფეიკ ნიუსების საწინააღმდეგო“ კანონის კვალდაკვალ კი ჩვენ აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, გარდა რუსეთში ლაივსტრიმისა და ახალი კონტენტის ატვირთვის შეზღუდვისა მანამ, სანამ ჩვენ ახალი კანონის შედეგებს ვსწავლობთ.

აპლიკაციის შიგნით ე.წ. მესენჯერის ფუნქცია არ შეიზღუდება,“ — წერს Tiktok.

Tiktok-მა, რომელიც თავდაპირველად გასართობი, ძირითადად, მუსიკისა და ცეკვის ვიდეოების გასაზიარებლად შექმნილი პლატფორმა იყო, დროთა განმავლობაში მილიონობით მომხმარებელი დააგროვა.

Tiktok-ზე ამ დროისთვის დარეგისტრირებულია თითქმის ყველა მსხვილი ჟურნალისტური გამოცემა თუ არხი. ომის პერიოდში კი ეს სოციალური ქსელი კრემლის მიერ გაუფილტრავი ინფორმაციის წყარო გახდა.


მე-11 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.