ახალი ამბები

ატომურ სადგურზე თავდასხმა ომის დანაშაულია – აშშ-ის საელჩო კიევში

4 მარტი, 2022 •
ატომურ სადგურზე თავდასხმა ომის დანაშაულია – აშშ-ის საელჩო კიევში

ამერიკის შეერთებული შტატების კიევის საელჩოს განცხადებით, ბირთვულ ელექტროსადგურზე თავდასხმა არის ომის დანაშაული.

„ევროპის უდიდესი ბირთვული სადგურის დაბომბვა მის ტერორს კიდევ ერთი ნაბიჯით აგრძელებს“, – წერია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ ღამით რუსულმა ძალებმა დაიკავეს ზაპოროჟიის, იგივე ენერგოდარის ატომური ელექტროსადგური.

თავდასხმის შემდეგ, სადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.

უკრაინა, როგორც საბჭოთა კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ბირთვული ელექტროსადგურები ააშენეს.

უკრაინაში ამჟამად 4 მოქმედი ბირთვული ელექტროსადგურია, მათ შორის, ხმელნიცკის, როვნოს, სამხრეთ უკრაინისა და ზაპოროჟიის, იგივე ენერგოდარის სადგურები. ეს უკანასკნელი კი ექვსი რეაქტორითა და გამომუშავებული ენერგიის მოცულობით, ევროპაში უდიდესია.

უკრაინას უკავშირდიება მსოლფიოს პირველი ბირთვული კატასტროფაც, რომელიც ჩერნობილის სადგურზე მოხდა. კატასტროფას გრძელვადიან პერსპექტივაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბირთვული ენერგიის მკვლევრების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში განლაგებული რომელიმე ბირთვული რეაქტორი დაზიანდება, განმეორდება ჩერნობილის ტრაგედია და შესაძლოა, რომ კატასტროფის მასშტაბები გაცილებით დიდი იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი