თსუ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს დაეხმარება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მყოფ უკრაინის ყველა მოქალაქეს სხვადასხვა ტიპის დახმარებას გაუწევს. 

უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც თსუ-ში სწავლობენ და იმყოფებიან საქართველოში, საერთო საცხოვრებლით უფასოდ სარგებლობა შეეძლებათ და, ამავე დროს,  2021-2022 სასწავლოს წლის გაზაფხულის სემესტრში დაენიშნებათ სტიპენდია. 

აგრეთვე, ყველა იმ უკრაინელ სტუდენტს, რომელიც დასასვენებლად იმყოფებოდა საქართველოში და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ვერ გაემგზავრა სამშობლოში, თსუ უფასოდ სთავაზობს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს.   

საქართველოში მყოფ უკრაინის ყველა მოქალაქეს თსუ-ს მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებზე სწავლა უსასყიდლოდ შეეძლებათ. 

ასევე, თსუ სთავაზობს უკრაინის ყველა მოქალაქეს ფსიქოლოგიურ დახმარებას, რომელსაც უნივერსიტეტის კვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ.