ახალი ამბები

ეს უნდა ვაქციოთ ქვეყნის გაერთიანების მიზეზად — ლომჯარია EU-ში წევრობის განაცხადზე

3 მარტი, 2022 • 1218
ეს უნდა ვაქციოთ ქვეყნის გაერთიანების მიზეზად — ლომჯარია EU-ში წევრობის განაცხადზე

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენისთვის მზაობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ახლა კრიტიკულად აუცილებელია ქართული პოლიტიკური სპექტრის ერთსულოვნება. ამის შესახებ განცხადება მან ფეისბუკზე გაავრცელა.

მისი შეფასებით, საქართველოსთვის დღეს “არაორდინარული შესაძლებლობა” იხსნება, რომ ევროკავშირისგან მიიღოს კანდიდატ წევრად მიღებაზე თანხმობა. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ევროპის პარლამენტში თავიანთ პარტნიორ პარტიებს, “ყველას, ვისთანაც ხმა მიუწვდებათ”, გაუგზავნონ გზავნილები, რომ საქართველო ამ საკითხზე ერთიანია.

“აღნიშნული იდეა უნდა ვაქციოთ ქვეყნის გაერთიანების და არა კიდევ უფრო გახლეჩვის ან პოლარიზაციის მიზეზად! უნდა გამოვიჩინოთ პოლიტიკური სიმწიფე და არ ავყვეთ დესტრუქციას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის!”, – წერს ლომჯარია.

მისი თქმით, ხალხის პროტესტმა განცხადების გაგზავნის საკითხში გადამწყვეტი როლი შეასრულა, რადგან “ყველა ხელისუფლებას უფრო მეტად ეშინია საკუთარი ამომრჩევლის, ვიდრე გარე ძალების”. აქედან გამომდინარე, ლომჯარია მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებზე ისეთი საკითხები არ უნდა დადგეს, რაც “ხალხის ერთიანობას გახლეჩს”.

“უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი არ გვექაჩება ჩვენ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ სრულფასოვანი და დამსახურებული ადგილი მათ რიგებში. ახლა გამოჩნდებიან სკეპტიკოსებიც მათ რიგებშიც, გაგვიხსენებენ ჩავარდნილ რეფორმებს, დემოკრატიის უკუსვლას, ყველა შეურაცხმყოფელ განცხადებას, რაც მათი მისამართით ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუკეთებიათ, თუმცა ჩვენ მათ უნდა შევახსენოთ, რომ რუსეთთან კონფლიქტების შედეგად ჩვენი გმირი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლი 30 წლის განმავლობაში სწორედ საქართველოს დემოკრატიულ და ცივილიზებული სამყაროს წევრობის მისწრაფების გამო იღვრებოდა! შიდა რეფორმებს საქართველოს მოსახლეობა მალე მიხედავს!

საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი სწორად განხორციელდეს! ყველაფერი იქნება კარგად!”, – წერს სახალხო დამცველი.


გუშინ, 2 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს 2024 წლის ნაცვლად 3 მარტს შეიტანს.

დღეს კი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც საქართველომ ოფიციალურად მოითხოვა ევროკავშირში გაწევრიანება.

რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა.

გუშინ, 1 მარტს, ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადთან დაკავშირებით შექმნილია „ემოციური აჟიოტაჟი“; მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომლებმაც უთხრეს, რომ ევროპული პერსპექტივის შეთავაზება „რელევანტურია უკრაინისთვის და არა — საქართველოსთვის და მოლდოვისთვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი