სათამაშოების მწარმოებელი დანიური კომპანია “ლეგო” თავის პარტნიორებთან ერთად უკრაინას ფინანსურად ეხმარება. თანხა $16.5 მილიონის ოდენობით, რომლის გამოყოფის შესახებაც კომპანიამ მიმდინარე კვირაში განაცხადა, განკუთვნილია უკრაინელი ხალხისთვის, მათ შორის, ოჯახებისა და ბავშვებისთვის.
“110 მილიონი დანიური კრონი[$16.5 მილიონი] გადაეცემათ პარტნიორებს, მათ შორის, “გაეროს ბავშვთა ფონდს” (UNICEF), “Save the Children”-სა და დანიის წითელ ჯვარს, რათა დაკმაყოფილდეს კრიზისის შედეგად დაზარალებული მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქის ძირითადი საჭიროებები, ასევე, [გაეწიოთ მათ] მენტალური დახმარება”, — წერს “ლეგო”.
ზემოხსენებულ თანხას “ლეგო” კომპანიის ძირითად აქციონერთან, Lego Foundation-თან და Ole Kirk Foundation-თან ერთად გამოყოფს.
მანამდე “ლეგომ” ურჩია თავის თანამშრომლებს რუსეთში, არ გავიდნენ დემონსტრაციებზე და არ მიიღონ მონაწილეობა დისკუსიებში, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
“რჩევა გაიცა თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ეს ასევე უსვამს ხაზს გამოწვევას უცხოური კომპანიებისთვის, რომლებსაც პერსონალი რუსეთში ჰყავთ, დასავლეთსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე”, — წერს Reuters, რომელმაც ხსენებული ინფორმაცია გაავრცელა.
უკრაინის მრავალი მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყნის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების — ლუგანსკისა და დონეცკის — აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. უკრაინას არაერთმა საერთაშორისო კომპანიამ აღმოუჩინა ფინანსური დახმარება, მათ შორის, “ფორდმა” და “ფოლკსვაგენმა”.
